რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციების შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
თეთრის სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა დაიწყო.
„მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინის დიდი ნაწილი მიაქვს. წუხელ პუტინმა რუსეთის ძალებს ამ რეგიონებში განლაგების უფლება მისცა. დღეს ის ამტკიცებდა, რომ ეს რეგიონები უფრო ფართოა, ვიდრე ის ორი ტერიტორია, რომელიც მან აღიარა“, _ განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალს, ორ ფინანსურ ინსტიტუტსა და რუსეთის ელიტის წარმომადგენლებს შეეხებათ.
„სანქციების პირველ ნაწილს ვაცხადებ, რუსეთის გუშინდელი ქმედებების საპასუხოდ. სანქციები მჭიდროდ იყო კოორდინირებული ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად. სანქციები გაძლიერდება, თუ რუსეთი ესკალაციას განაგრძობს. ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ორ დიდ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტს: VEB-სა და სამხედრო ბანკს. ყოვლისმომცველ სანქციებს ვუწესებთ რუსეთის სუვერენულ ვალს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვწყვეტთ რუსეთის მთავრობას დასავლური დაფინანსებისგან. იგი ვეღარ შეძლებს ფულის მოზიდვას დასავლეთიდან.
ხვალიდან დაიწყება და მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. ჩვენ, ასევე დავუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ მიღწევებს და ასევე უნდა იზიარებდნენ ტკივილს“, _ აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.