რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელ vk-ში მსოფლიო ქვეყნების მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება.
მედვედევმა, რომელიც 2020 წელს ვლადიმერ პუტინმა გაათავისუფლა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან და ახლა მოსკოვის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, რუსულ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთს დასავლეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ სჭირდება.
“ეს აკრძალვები არაფერს შეცვლის. ეს აშკარაა სახელმწიფო დეპარტამენტის უმეცარი ადამიანებისთვისაც კი. გავლენას ვერ მოახდენს დონბასში სამხედრო ოპერაციის გადაწყვეტილებაზე. ის სრულად განხორციელდება მანამ, სანამ არ მიიღწევა ყველა ის შედეგი, რაც რუსეთის პრეზიდენტს სურს. სხვათა შორის, მსგავსი სიტუაცია იყო 2008 წელსაც”,_ ამბობს მედვედევი და აღნიშნავს, რომ სანქციების დაწესებით მხოლოდ და მხოლოდ იმ ქვეყნებთან ურთიერთობის გადახედვას გეგმავს, ვინც ეს სანქციები დააწესა. თუმცა, სანქციებს მითს უწოდებს.
“მე მჯერა, რომ ეს ყველა ჭკვიანი ადამიანისთვის აშკარაა: სანქციები არის მითი, ფიქცია. მე ღრმად გულგრილი ვარ საზღვარგარეთ უფლებების ამ ფართოდ რეკლამირებული შეზღუდვების მიმართ. სანქციები პოლიტიკური უძლურებიდან წარმოიშვა. სხვათა შორის, ცნობისთვის არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს არ გვქონია და არც გვაქვს არც უცხოური ანგარიშები და არც ქონება საზღვარგარეთ”,_ ამბობს მედვედევი და საელჩოების დაკეტვის შესახებ საუბრობს.
“სანქციები შეიძლება იყოს შესანიშნავი შემთხვევა იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობის საბოლოო გადახედვისთვის, რომლებმაც ისინი დააწესეს. მათ შორის სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ დიალოგის შეწყვეტისთვის. ბოლოს და ბოლოს, პრინციპში შესაძლებელია ყველაფრის მიტოვება, მათ შორის START-3 ხელშეკრულების, რომელიც ჩემს მიერ დადებულია ობამასთან. დიახ, და დიპლომატიური ურთიერთობები, პრინციპში, არ არის საჭირო. დროა დაიხუროს საელჩოები ბეღლის საკეტებით და კონტაქტი გავაგრძელოთ ბინოკლებით და იარაღის ოპტიკით”,_ წერს მედვედევი.
მედვედევმა ასევე დაგმო რუსეთის ევროსაბჭოს წევრობის შეჩერება, მაგრამ დაიკვეხნა, რომ ახლა შეიძლება აღდგეს ქვეყანაში ისეთი მძიმე სასჯელი, როგორიც სიკვდილით დასჯაა.