ევროკავშირის ელჩებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ევროკომისიამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებზე მოსაზრება წარმოადგინოს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპულ საბჭოში საფრანგეთის წარმომადგენლობა ავრცელებს.
პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა გუშინდელ სხდომაზე მიიღეს.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი თავდაპირველად რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ შეიტანა. განაცხადს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა.
როდესაც ანალოგიური მოთხოვნები საქართველოშიც გაისმა, „ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ საკითხთან დაკავშირებით „ემოციური აჟიოტაჟი“ იყო შექმნილი. თუმცა, მცირე ხნის შემდეგ მმართველმა პარტიამ პოზიცია შეიცვალა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში გასაგზავნ განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.
იმავე დღეს მსგავს განაცხადს ხელი მოაწერა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.