,, ჩვენ სრულიად ვბლოკავთ აშშ-ში რუსული ნავთობის შემოსვლას და შესაბამისად მისი ომის მანქანის დაფინანსებაში მონაწილეობის მიღებას“, _ ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრს სახლში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, აკრძალვა მოიცავს თხევად ბუნებრივ აირსა და ნახშირსაც.
ასევე, მან აღნიშნა, აშშ იმაზე მეტ ნავთობს აწარმოებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ვიდრე ევროპული ქვეყნები ერთად. ამიტომ აშშ-ს შეუძლია ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვებს _ არა.
“ეს არის მომენტი, რომელსაც აქვს ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში და ვფიქრობ, ამერიკულ საზოგადოებაში. ამერიკელებმა მკაფიოდ თქვეს, რომ ისინი უკრაინელ ხალხს უჭერენ მხარს და ჩვენ არ დავაფინანსებთ პუტინის ომს. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მოკავშირეებთან მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში მჭიდრო კონსულტაციების საფუძველზე.
ჩვენ გვესმის, რომ ევროპელი მოკავშირეები არ არიან იმ პოზიციაში, რომ მხარი დაგვჭირონ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში, აშშ იმაზე მეტ ნავთობს აწარმოებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ვიდრე ევროპული ქვეყნები ერთად. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვებს _ არა.
ვმუშაობთ ევროპელებთან, რომ შევიმუშაოთ გრძელვადიანი სტრატეგია იმისთვის, რომ შემცირდეს მათი დამოკიდებულება რუსეთის ენერგიაზე. ჩვენ სრულიად ვბლოკავთ აშშ-ში რუსული ნავთობის შემოსვლას და შესაბამისად მისი ომის მანქანის დაფინანსებაში მონაწილეობის მიღებას”, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, უკრაინამ აშშ-სგან, სამხედრო თვალსაზრისით, 1 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო და იქ სამხედრო ტვირთი ყოველდღიურად მიემართება.
“შეერთებული შტატები სხვადასხვა პარტნიორთან მუდმივ კომუნიკაციაშია” – თქვა ბაიდენმა.