2021 წელს, საქართველოს მასშტაბით, დამატებით დამონტაჟდა 628 ვიდეოკამერა, სულ საქართველოს მასშტაბით ამოქმედებულია 5414 ვიდეოკამერა – აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ვახტანგ გომელაურმა ინციდენტების ტიპებისა და პრიორიტეტების განმსაზღვრელი ამერიკული პროგრამის – ProQA-ს „112“-ში დანერგვის შესახებაც ისაუბრა.
„პანდემიის პირობებში განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.
საქართველოში ინციდენტების ტიპებისა და პრიორიტეტების განმსაზღვრელი ამერიკული პროგრამის ProQA -ს საშუალებით, სახანძრო-სამაშველო და საპოლიციო საქმეები უკვე იმართება. შემდეგ ეტაპზე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების პროტოკოლი დაინერგება; 2021 წელს, საქართველოს მასშტაბით, დამატებით დამონტაჟდა 628 ვიდეოკამერა. მათ შორის 88 ნომრის ამომცნობი და 540 ზოგადი ხედვის, საერთო ჯამში, სულ, საქართველოს მასშტაბით, ამოქმედებულია 5414 ვიდეოკამერა.
საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე 2021 წელს დამატებით დამონტაჟდა სიჩქარის კონტროლის 77 სექცია, ამ დროისათვის, სულ მოქმედებს 347 სექცია, რითაც ჯამურად 1412 კმ საგზაო მონაკვეთი კონტროლდება.
2021 წელს, „112“-ს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე აღჭურვილობა – სახის ამომცნობი კამერების სისტემა გადაეცა. აღნიშნული ტექნიკა სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, კერძოდ, საერთაშორისო აეროპორტების ტერიტორიაზე დამონტაჟდა და მათი საშუალებით როგორც შემომსვლელ, ასევე, გამსვლელ მგზავრთა ნაკადის მონიტორინგი ხდება, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved