გასული კვირის ბოლოდან მოყოლებული ოზურგეთის მარკეტების და მაღაზიების დახლებზე (იშვიათი გამონაკლისის გარდა) შაქარი ისევ არ ჩანს.
14 მარტს, კვირის დასაწყისში, ოზურგეთის ზოგიერთ მარკეტში, მაგალითად, გურიის ქუჩაზე (ინდმეწარმე “მარინა როყვა”) ერთი კილოგრამი 3,50 ლარი ღირდა. ე. წ. “ბაზრის მაღაზიების” ყველა წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ შაქარი არ აქვთ. თუმცა, არის დაპირება, რომ 14 მარტს, დღის განმავლობაში, ბათუმიდან დიდი რაოდენობით შაქარს შემოიტანდნენ.
_ როგორც გვითხრეს, ბათუმში შაქრის დიდი პარტიაა შემოსული. დღეს მივიღებთ, ოღონდ რომელ საათზე, არ ვიცით, _ ამბობდნენ მაღაზიის მენეჯერები.
კითხვაზე, ფასის შესახებ რა იციან _ დარჩება ძველ ნიშნულზე თუ ასე გაზრდილი ფასით მიაწვდიან მომხმარებელს, პასუხი ვერც ამაზე გაგვცეს.
14 მარტის მონაცემებით, 3.05 ლარი ღირს ერთი კილოგრამი შაქარი დიდ სავაჭრო ქსელში “ჩემი სახლი”. აქ გვითხრეს, რომ პირველ ეტაპზე, როცა შაქარი გაძვირდა, მათ ფასი არ გაუზრდიათ და ჩვეულებრივად, ერთი კილოგრამი 2,80 ლარად იყიდებოდა. თუმცა, ამ დროისთვის სამ ლარზე მეტი ღირს.
მარკეტ “სანდომში” ერთი კილოგრამი შაქარი სამი ლარი ღირს და ამ დროისთვის, მარკეტების იმ მცირე ჩამონათვალში, სადაც შაქრის ყიდვაა შესაძლებელი, აქ შედარებით იაფია.
ყველგან მომატებულია ბურღულეულის ფასი. დიდ მარკეტებში: “ჯიბე”, “მაგნიტი”, “მოდერნი” და ასევე, პატარა მაღაზიებშიც, სულ ცოტა 10 თეთრით არის გაზრდილი წიწიბურას და ბრინჯის ფასი.
_ ათი თეთრით ამ ორ დღეში მოიმატა. მანამდეც ხომ გაიზარდა ფასი? შემპარავად გვახრჩობენ. ყოველ კვირაში ხუთი ან ათი თეთრით მატება, ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა. ხელფასი იმატებს ყოველდღე? ან ორ დღეში ერთხელ? ან ხელფასი აქვს უმრავლესობას? რა გვეშველება?! ისე გვიქმნიან საქმეს, როგორმე მოვახერხოთ მხოლოდ შაქრის და პურის ყიდვა. თუ ამას შევძლებთ გაჭირვებით, სხვაზე არაფერზე არ უნდა ვიფიქროთ, _ ამბობენ ოზურგეთელი მომხმარებლები ლიანა ჩხაიძე და მარიკა მჟავანაძე.
ფასი გაიზარდა პურის ფქვილზეც _ უმაღლესი ხარისხის ფქვილი 25-კილოგრამიანი ტომრით, 44 ლარის ნაცვლად 49-50 ლარი ღირს.
პარალელურად, ოზურგეთის საცხობებში, ასევე, შემპარავად მოიმატა სხვადასხვა სახის ღვეზელის, ნამცხვრის თუ ხაჭაპურის ფასმა.
გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე, სატრაპეზო საცხობში, ფენოვანი ხაჭაპურის ფასი 50 თეთრით გაიზარდა და ერთი ცალი ახლა 2,50 ლარი ღირს.
კითხვაზე _ თუ რატომ გაზარდეს ასე უცებ ფასი, თან 50 თეთრით, როცა ბაზარში ყველის ფასმა დაიკლო (14-დან 10 ლარზე ჩამოვიდა), გვითხრეს, რომ მხოლოდ ხაჭაპურის ფასმა მოიმატა. ფქვილი გაძვირდა და ფასის მატებაც ამიტომ მოხდა.
გაბრაზებული მოქალაქეები გვეუბნებიან, რომ წინასწარ უმატებენ ფასს ყველაფერს, ვიდრე გაძვირება დაიწყებოდეს.
_ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ?! შაქარი არც დღეს ჩანს დახლებზე, საცხობებში კი ფასები სასწრაფოდ გაიზარდა. ბიზნესია თუ ყაჩაღობა და ძარცვა? ახლა ხალხს აბრალებენ, ბევრი შაქარი იყიდესო. ვთქვათ და იყიდეს. ბევრი და კიდევ მეტი. ფასიც ხალხმა მოუმატა, რიგითმა მომხმარებელმა?! ხომ ყველამ იცის, რომ არაა შაქრის დეფიციტი. მთავრობა სადაა ამ დროს?! არ გვითხრას ახლა ვინმემ, ბიზნესია და ვერ ჩავერევითო. წამლებზეც ასე ამბობდნენ. მერე კი დაიწყეს დარეგულირება. ჯერ ჩვენ არაფერი გვიგრძვნია, მაგრამ მაინც, _ გვითხრეს რიგითმა მომხმარებლებმა _ ლია მენაბდემ და მაია მამინაშვილმა, რომლებიც პროდუქტის შესაძენად იყვნენ მაღაზიებში გამოსული.
სავაჭრო ცენტრ “მოდერნში”, ასევე, დახლებზე არაა შაქარი. აქვე არსებულ საცხობში, საიდანაც ნამცხვარი და ფუნთუშეული გამოაქვთ გასაყიდად, გვითხრეს, რომ ამ დღეებში ფასი არც ერთი დასახელების პროდუქტზე არ გაზრდილა. დღეს აქვთ მხოლოდ დაფასოებული შაქარი, რომელიც ერთი კილოგრამი 4,30 ლარი ღირს და ეს ფასი, კარგა ხანია, არ შეცვლილა.
წულაძის ქუჩაზე არსებულ საცხობში გვითხრეს, რომ მხოლოდ კარტოფილის და კუჭმაჭის ღვეზელს მოემატა ფასი, თან უმნიშვნელოდ.
_ მხოლოდ ათი თეთრით გავზარდეთ გამომცხვარი ღვეზელის ფასი. რა ვქნათ? გუშინ ერთი ტომარა პურის ფქვილის ფასი 5 ლარით გაიზარდა, _ გვითხრეს საცხობში.
მარკეტში “არტ ნონა”, სადაც საცხობიც იქვეა, გვითხრეს, რომ რაც შაქრის ფასი გაიზარდა, მხოლოდ ზოგიერთი სახეობის ნამცხვარს მოემატა ფასი. ხაჭაპურის ფასი კი იგივეა, რაც იყო აქამდე.
“არტ ნონას” დახლებზე წინა დღეებთან შედარებით, 20 თეთრით არის გაზრდილი სხვადასხვა ნამცხვრის (“ქადა”, ნაპოლეონი”…) ფასი. მაგალითად, ქადა ღირდა 80 თეთრი, ახლა კი _ 1 ლარი.
მარტის პირველი კვირის ბოლოს თუ ერთი კილო შაქრის ფასმა 4 ლარს მიაღწია, ხოლო პურის ფქვილის ფასი ჯერ არ იყო გაზრდილი, დაკვირვებამ ცხადჰყო, რომ ჯერ ცალკეულ სახის ღვეზელს თუ ნამცხვარს მოუმატეს ფასი, შემდეგ კი ნელ-ნელა დანარჩენ სახეობებსაც, სულ ცოტა. ეს მატება ათიდან 50 თეთრის ფარგლებში მერყეობს, რაც მძიმედ აწვება რიგითი მომხმარებლის ჯიბეს.
რატომ მოუმატეს ფასი წინა დღით მხოლოდ ხაჭაპურს, მომდევნო დღეს კი “ლობიანს” თუ კუჭმაჭის ღვეზელს, წულაძის ქუჩაზე მდებარე საცხობში ეს ფაქტი ასე “ახსნეს”:
_ “ლობიანი” 1,30 თეთრი ღირდა. მხოლოდ 10 თეთრი დავამატეთ. ყველაფერი რომ ძვირდება, ჩვენც იძულებული ვართ, თანდათან გავზარდოთ ფასი, _ გვითხრა მცხობელმა ქალბატონმა.
ოზურგეთში არსებული ფასების (შაქრის, ნამცხვრის, ღვეზელის და ხაჭაპურის ნაირსახეობების) მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ადვილი მისახვედრია, რომ ყველა თავისებურად ზრდის ფასს. მოქალაქეები, რიგითი მომხმარებლებიც სწორედ ამიტომ ბრაზობენ: “ვიღაცეებმა წინასწარ მოიფიქრეს, როგორ გამდიდრდნენ ჩვენს ზურგზე და შაქრის რაღაც არარსებული დეფიციტი გამოიგონეს, მერე გადავიდნენ სხვა პროდუქტებზე და ასე გვახრჩობენ”.
მომხმარებლები, სამი შვილის დედა ხატია კინწურაშვილი, პენსიონერი ვიოლა ლომჯარია და დიასახლისი ლიანა წიტაიშვილი “გურია ნიუსთან” კითხვას თავად სვამენ:
_ სავარაუდოდ, თუ შაქრის ფასი დაიწევს და უნდა დაიწიოს, ან პურის ფქვილის თუ ბენზინის ფასიც ნაკლები გახდება, ეს გაზრდილი ფასები თუ დაიწევს ისევ?
კითხვა ძალიან საინტერესოა და პასუხიც თავად აქვთ. ამბობენ, რომ რამდენჯერ მომხდარა ასე ფასის ზრდა. მერე ბენზინი თუ ფქვილი გაიაფებულა, თუმცა მგზავრობის თუ პურის ფასი არავის გაუიაფებიაო.
_ ყოველთვის იჩაგრება ხალხი, _ გვითხრეს მათ.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე