რამდენიმე დღის წინ, “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტი საკუთარი კავშირებით საზღვარგარეთ შეხვედრების გამართვისა და წარდგენილი ელჩების კანდიდატურების დანიშვნაზე უარის თქმის გამო საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური სარჩელით მიმართვა დააანონსა.
“უფლებები საქართველომ” მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება შეაფასა და მიიჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, მსგავსი კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს არსებითად განსახილველად არ უნდა მიეღო.
“უფლებები საქართველო” ამ შეფასების მომზადებისას დაეყრდნო კანონმდებლობის არსებულ ჩანაწერს, რომლის თანახმადაც, კომპეტენციების შესახებ დავის დასაწყებად აუცილებელ წინაპირობას საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის გასაჩივრება წარმოადგენს. პრეზიდენტის მიერ შეხვედრების გამართვასა და ელჩების არდანიშვნას კი, ნორმატიული აქტი არ უდევს საფუძვლად.
“დღეს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ მმართველი პარტია კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით გეგმავს ამ დაბრკოლების გადალახვას და აფართოებს იმ ქმედებების ჩამონათვალს, რაც საფუძვლად შეიძლება დაედოს კომპეტენციების შესახებ დავას. კერძოდ, ცვლილებები შედის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში და სახელმწიფო ორგანოებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანა შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმატიული აქტით ხდება ორგანოთა შორის კომპეტენციის დარღვევა, არამედ აგრეთვე მაშინ, როდესაც იგივე შედეგს იწვევს მოქმედება ან/და უმოქმედობა.
საკანონმდებლო ცვლილებები, პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, “ქართულ ოცნებას” საშუალებას მისცემს საკონსტიტუციო სასამართლოში მოითხოვოს პრეზიდენტის მიერ უკვე განხორციელებული ქმედებითა (ჩატარებული ვიზიტები) და უმოქმედობით (წარდგენილი ელჩების კანდიდატურების დანიშვნაზე უარის თქმა) კონსტიტუციის დარღვევის დადგენა.
“უფლებები საქართველო” მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ეკიდებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილების საკითხს. ამასთან, დაუშვებელია საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისა და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის უფლებამოსილებების გამოყენება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად და სახელმწიფო ორგანოთა/თანამდებობის პირთა დასჯის მექანიზმად.
ცალსახაა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები პირდაპირ მიმართულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ქმედებებისა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირების წინააღმდეგ.
“უფლებები საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს საკანონმდებლო ცვლილებებს და უზრუნველყოს კანონპროექტის განხილვა შესაბამისი ექსპერტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით”,_ ნათქვამია განცხადებაში.