საქართველოს რეგიონებიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპი დაიწყო. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რომელიც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, ერთობლივად ხორციელდება.
ტვირთის შეგროვების პროცესში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ჩართულია ბიზნესი და სამოქალაქო სექტორი. მეორე ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით 120 ტონა ტვირთის მობილიზება მოხდა, მათ შორის 90 ტონა რეგიონებიდან. ტვირთი ძირითადად სამედიცინო დანიშნულების პროდუქციას, არამალფუჭებად პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების საგნებს მოიცავს. ამ ეტაპზე თბილისში, საქართველოს ფოსტის ტერმინალში აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში მობილიზებული ტვირთის თავმოყრა მოხდა, რომელიც სატვირთო ავტომობილებში დაიტვირთება და უკრაინაში სახმელეთო შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ გაიგზავნება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზების პროცესი გრძელდება და უკრაინაში გასაგზავნად მზად კვირის ბოლოს იქნება. შეგახსენებთ, რომ ეს უკრაინაში რეგიონებიდან ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის მეორე ეტაპია. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რამდენიმე დღის წინ საქართველოს რეგიონებში შეგროვილი 150 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უკვე გაიგზავნა. ტვირთის ტრანსპორტირების ლოჯისტიკის პროცესს საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.
(R)