სამოქალაქო მოძრაობის “თავისუფლებისთვის“ ორგანიზებით ქალაქ ოზურგეთში, ე. წ. ჭადრების ბაღში, 9 აპრილის გმირებისადმი პატივსაცემად მშვიდობიანი აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, „არსებობს თარიღები და მოვლენები, რომლებიც კოლექტიური მეხსიერებისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას და სიმბოლურ მნიშვნელობას იძენენ. საქართველოს ისტორიაში ასეთი თარიღები ბევრია, თუმცა უახლესი ისტორიიდან უნდა გამოვყოთ 1989 წლის 9 აპრილი.
ამ დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდა, სასტიკად დაარბია საბჭოთა არმიამ, რის შედეგადაც 21 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა. ეს მოვლენა იყო გარდამტეხი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასა და შემდგომ გამარჯვებაში“.
აქციაზე ოზურგეთის სამოქალაქო აქტივისტებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთთან გამარჯვებისთვის აუცილებელია ერთიანობა და რუსეთის იმპერია არის ოკუპანტი.
აქციაზე სიტყვით გამოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ნადია ქარდავა. მისი ძმა ახლა უკრაინაშია და ქალაქ კიევს იცავს.
“საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და რუსეთი ვერ დაგვამონებს. მე დავკარგე მამა 1992 წელს აფხაზეთის ომში, დღეს ჩემი ძმა იბრძვის უკრაინის თავისუფლებისთვის. თუ ვინმეს ჰგონია, იმ ბრძოლებს, რომელიც რუსეთი მართავდა ჩვენს წინააღმდეგ, ტყუილად შეეწირნენ ჩვენი გმირები, ნურას უკაცრავად… ამ გმირების საქმე უნდა გავაგრძელოთ და ყოველდღედ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას“, _ თქვა ნადია ქარდავამ
დასასრულს აქციის მონაწილეების ერთმა ნაწილმა რუსეთის დროშა დაწვა, მეორე ნაწილი კი ლანჩხუთში “ალტ-ინფოს“ დღეს გახსნილი ოფისისკენ წავიდა ამ ფაქტის გასაპროტესტებლად.
ავტორი