საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ღალატისა და ომის პარტიაა“. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პარტიის წარმომადგენლები საკუთარი ქვეყნის „გაშავებას“ ცდილობენ.
„ომის პარტიას რომ ვეძახით, მგონი დაიჯერეს, რომ ამასობაში ვაჟკაცები არიან, ასე გადათარგმნეს სათავისოდ და რეალურად, „ღალატის პარტიაა“. „ნაცმოძრაობა“ „ომის „პარტიაა“, რაც გასაგებია იმიტომ, რომ ომში ჩათრევა უნდათ ამ ქვეყნის, მაგრამ რასაც ისინი აკეთებენ, კიდევ უფრო ღრმად რომ შევიდეთ შინაარსში, ეს არის ყველანაირი გაგებით „ღალატის პარტია“. ბევრი მიზეზი არსებობს, დაწყებული იქიდან, რომ თავის დროზე ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული და რუსი სამხედროების სასარგებლოდ დამალეს „ისკანდერის“ ნაწილები, აქედან დაწყებული, დღემდე გაგრძელებული, რასაც აკეთებენ, მათი საუბრისა და ქმედებების შინაარსი არის ღალატი. მთელი კვირის განმავლობაში საკუთარი სამშობლოს სხვადასხვა ინსტიტუტებს უმძიმეს შეურახყოფას აყენებდნენ, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს და ამ შეურაცხყოფის ფონი იცით რა იყო? თითქოს ვიღაც უკრაინაში არ მიდიოდა და მათ არ ჰქონდათ საშუალება,რომ ქართულ დელეგაციასთან ერთად უკრაინაში წასულიყვნენ. როდესაც ნახეს და გაიგეს, რომ თურმე ამ პერიოდის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარეს თავის კოლეგასთან ურთიერთობა ჰქონდა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით უკრაინაში მიდის, ახლა განაცხადეს უარი. ესე იგი, მათი მიზანი არანაირად არ იყო არც იქ წასვლა და არც უკრაინელების მხარდაჭრა. მათ ერთადერი მიზანი აქვთ, ამ მიზანს და ქმედებას საკუთარი ქვეყნის ღალატი ჰქვია, გამოხატული მათ ყველა სიტყვაში, გამოხატული და გაშიფრული მათ მოქმედებაში და მათ შორის იმაში, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, საადაც ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს და თავის ქვეყნის „გაშავებას“ ცდილობს ეს „ღალატის პარტია“,-განაცხადა მდინარაძემ.
მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამორალურად იქცევა.
„იმდენად ღალატობენ საკუთარ ქვეყანას, იმდენად ბინძურად და ამორალურად იქცევიან ამ პერიოდის გამავლობაში, რომ ცდილობენ, საქართველოს იმიჯი ყველა საერთაშორისო ასპარეზზე ბოლომდე გაანადგურონ და ამავდროულად, ქვეყანა ჩამოშალონ“,-განაცხადა მდინარაძემ.