ჩემი და ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის 1000 ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროექტი და დამატებითი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს პოლიციელებისთვის.
მთავრობის მეთაურის თქმით, იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ თავს წირავენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, ღირსეულად უნდა დავუფასოთ გაწეული შრომა.
„რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩემი და ბატონი მინისტრის დიდი სურვილია და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000 ბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტს დავიწყებთ ამ წელს, უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები, ადგილიც შერჩეულია. ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ აღნიშნული პროექტი ჯიქიას ქუჩაზე განხორციელდეს, სადაც განთავსებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა. აღნიშნულ ბაზას სხვა ადგილზე გადავიტანთ და ამ ადგილზე 1000 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ავაშენეთ ჩემი მინისტრობის დროს. გახსოვთ, რომ 1000 ბინიანი ჯარის ქალაქი ავაშენეთ, რომელიც წელს, სექტემბერში ჩაბარდებათ ჩვენს ჯარისკაცებს. ასეთივე, ანალოგიური ქალაქი აუშენდება ჩვენს პოლიციელებს. პირობები იქნება იგივე, რაც ჯარისთვის იყო, ანუ დაახლოებით 1 კვადრატულ მეტრზე 100 დოლარის ექვივალენტს გადაიხდიან ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს. ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროექტი, ეს უნდა გაგრძელდეს ,დამატებითი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს ჩვენი პოლიციელებისთვის და ისევ და ისევ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ვალია შესაბამისად, ღირსეულად დავუფასოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავს წირავენ ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ასევე დაგეგმილია პოლიციის ყველა შენობის და ბაზის რეაბილიტაცია და ერთიან, ევროპულ სტანდარტში მოქცევა, აღნიშნული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 300-350 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოები წელსვე უნდა დაიწყოს და 3 წელიწადში დასრულდეს.
„ყველა პოლიციის შენობის გარემონტება, განახლება, რეაბილიტაცია იგეგმება, ასევე იგეგმება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზების რეაბილიტაცია და მათი ერთიან სტანდარტში მოყვანა. სამუშაოები დაიწყება სასაზღვრო პოლიციაში- ახალ სექტორებს ავაშენებთ, არსებულს გავარემონტებთ ყველგან და ერთიან ევროპულ, თანამედროვე სტანდარტში მოვაქცევთ ყველა ბაზასა და შენობას. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, გაჩნდა ახალი საპოლიციო შენობების აშენების საჭიროება. დაგეგმილი გვაქვს ახალი პროექტები და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში აშენდება პოლიციის ახალი შენობები. აღნიშნული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 300-350 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოები წელსვე უნდა დაიწყოს და ჩვენი სურვილია, რომ ეს ყველაფერი სამ წელიწადში დასრულდეს”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.