მოახლოებული საგაზაფხულო ხვნა-თესვის წინ, გურიაში, მოსახლეობის უმეტესობისგან ისმის, რომ წელს საყანე ფართობს ვერ დათესავენ.
“გაძვირებულია საწვავი, სასუქი; არ არის ტრაქტორები. აქა-იქ ჰყავდათ, ისიც უნდა ეძებო სოფლიდან სოფელში. ასეთი ვითარება, ასეთი გასაჭირი სეზონზე, მართლა არ გვახსოვს დიდი ხანია”, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” ოზურგეთის სოფლების მცხოვრებლები.
ჩვენ შევხვდით და ვესაუბრეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებს, რომლებსაც საყანე ფართობები აქვთ საკუთრებაში.
გურიაში, ძირითადად, როგორც მცირემიწიან რეგიონში, სახნავი ფართობი საკუთრებაში მოსახლეობის უმეტესობას, 0,20 ან 0,25 კვ.მ აქვს. თუმცა, ამ ფართობის დახვნა-დათესვასაც კი უმეტესობა, როგორც ჩვენთან განაცხადეს, ვერ ახერხებს.
_ 5 ათასი კვ.მ. საყანე ფართობი მაქვს, თუმცა, ვერანაირად ვერ მოვახერხებ დამუშავებას. მეზობელმა დახნა გუშინ _ ათას კვ.მ. ფართობში 80 ლარი გადაიხადა. ძლივს ისესხა. მე ვისგან ვისესხო? არ ვიცი, ასეთი გასაჭირი მართლა არ მახსოვს, _ გვეუბნება სოფელ ქაქუთის მკვიდრი ანზორ შათირიშვილი.
სოფელ მერიის მკვიდრი მზია ღლონტი ამბობს, რომ უმეტესობა სასოწარკვეთილია და არ იციან, როგორ დახნან და დათესონ.
_ მოლიანში კი მაქვს 2500 კვ.მ მიწის ფართობი, თუმცა, რად მინდა? 15 ადამიანი ვართ იმ ზოლში მესაკუთრე და ვერც ერთი ვერ ვახერხებთ დათესვას. დახმარებაო, ყვირიან. რა დახმარებაა ის, რაც გამოაცხადეს? ათას კვ.მ. ფართობის დახვნაში 80 ლარს ითხოვენ ტრაქტორისტები. ახლა დანარჩენი?! შეკრიბეთ დახვნა-დათესვის მარტო გადასახდელი თანხა, სულ ცოტა, სამიათას კვ.მ. ფართობზე და ნახავთ, რას მიიღებთ. ამიტომ ვერ ვთესავ, _ გვეუბნება სოფელ შემოქმედის მკვიდრი, ნუგზარ ჯულაყიძე.
_ რა დააშავა თანამესაკუთრემ, რომელიც ცალკე ცხოვრობს? მას ეს შეღავათიც არ უწევს. სამიათასი კვ.მ ფართობი მაქვს საყანედ. მაგის დახვნა-დათესვის ხარჯი კი გადაშორდება სამას ლარს. მერე სათესლე მასალა, სასუქი და 500 ლარი თუ დამიჯდა, მაგის ფასი სიმინდი მოვა იქ? ვერ ვთესავთ, ბატონო, _ ამბობს შემოქმედის მცხოვრები ანზორ ხვინგია.
კუკური ცელაძე, სოფელ მაკვანეთის მცხოვრები: “7500 კვ. მ საყანე ფართობი მაქვს, თუმცა, ვერ ვთესავ. არაა საშველი. საწვავი რა ღირს, ნახეთ. ნაკლებიც რომ ღირდეს, ტრაქტორს ვერ იშოვი. ვერ დავთესავ, ნამდვილად”.
ვაჟა ნაკაიძე, სოფელ ნატანების მკვიდრი: “ვერ დავთესავ, ალბათ. კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა, ვიდრე შარშან. ბევრია ოჯახი, ვინც ვერ მოასწრო საკუთრებაში ელექტრონულად მიწის დარეგისტრირება. ასეთებს საერთოდ არ თვლიან ცოცხალთა სიაში. რა დააშავეს? ფული არ ჰქონდა, ვერ გაიფორმა. ხომ აქვს შევარდნაძის დროს ხელმოწერილი მესაკუთრის პასპორტი?! არ შეიძლება ასე, მაგრამ ხალხს წესიერად ვინ დაეხმარება!”
სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას ჩვენ ვკითხეთ სახელმწიფო დახმარებაზე, რომლის ამოქმედების შესახებ ახლახან განცხადება გააკეთა პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა:
“ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოებისთვის თანადაფინანსებას მიიღებენ. ამოქმედდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა. მცირე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის ახალი პროგრამით მოხდება ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური გახორციელების ხელშეწყობა წარმოებისთვის საჭირო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და აგრარულ სამუშაოების მიმართულებით აქტივობის სტიმულირებისთვის”, _ თქვა წილოსანმა.
კონკრეტულად კი, პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, სუბსიდირების მოცულობა განისაზღვრება 1 ჰა-ზე 300 ლარის ოდენობით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან 1,25 ჰა-მდე მიწის მესაკუთრეები,
თუმცა, აქ უმთავრესი დეტალი არ ჩანს _ ფერმერს თუ ეს ერთი ჰა ფართობი ერთ სივრცეში არ აქვს, აღნიშნულ 300-ლარიან დახმარებას ვერ მიიღებს. რაკი დახმარების გაცემა 0,25 კვ. მ ფართის მქონე ბენეფიციარებიდან იწყება, ხოლო კონკრეტულად გურიაში საკუთრებაში არსებული 1 ჰა ფართობი მხოლოდ 0,20 ფართებისგან შედგება. საკუთრება სხვადასხვა ადგილზეა და ფერმერი მხოლოდ იმ ფართის ანგარიშზე მიიღებს დახმარებას, რომელიც 0, 25 კვ.მ. არის.
_ ვინ შეადგინა ასეთი დახმარების წესი? ეს არის არა დახმარების, არამედ ისეთი პროგრამა, როგორ არ უნდა დაეხმარო ფერმერს, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” ფერმები: მზია ქავთარაძე, ნუცა ღლონტი, გრიგოლ მამინაშვილი და სხვები.
“გურია ნიუსთან ” საუბარში, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ოზურგეთში, თეა კუპრაძემ განაცხადა, რომ ფერმერები ჯამურად მიიღებენ 300 ლარს: _ თუმცა, სხვა წესია თანამესაკუთრეებისთვის, _ განმარტა მან და გვითხრა, რომ ინფორმაციის დასაზუსტებლად ცხელი ხაზისთვის მიგვემართა.
“გურია ნიუსი” სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ “მესაკუთრე, რომელსაც საკუთრებაში აქვს 1 ჰა 0,25 კვ. მიწის ფართი, ჯამურად მიიღებს სამას ქულას. არ ექნება მნიშვნელობა, ერთი ნაკვეთი, რამდენი კვ. მ. არის. რაც შეეხება თანამესაკუთრეს, თუ ეს არის ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ, ვერ მოხვდება პროგრამაში. ასეთ დროს 0, 25 კვ მ ფართიდან იწყება ათვლა და ზედა ზღვარი არის 1 ჰა და 0, 25 კვ მ. ფართი”.
როგორც ვხედავთ, დახმარების პროგრამაში სახარბიელო მდგომარეობას ვერ ვხედავთ.
ჩვენ თვალს მივადევნებთ ფერმერებისთვის საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლად, როდის და რა რაოდენობით გაიცემა დახმარებები.
ჯერჯერობით, ეს პროცესი არ არის დაწყებული.
რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, 2021 წელს საკუთრებაში არსებული 3800 ჰა სახნავ-სათესი ფართობიდან, 990 ჰა დაიხნა და დაითესა. დანარჩენი კი, 1810 ჰა ფართობი სახნავ-სათესი მიწა არც დახნულა და ბოლო 5 წელია, გამოუყენებელია.
ავტორი