უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 100 დღეში, რუსეთმა წიაღისეული საწვავის(ნავთობი, გაზი, ნახშირი) ექსპორტის შედეგად მიიღო 93 მილიარდი ევროს შემოსავალი. ამის შესახებ წერს ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ცენტრი(CREA). მისი სათავო ოფისი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მდებარეობს, _ იუწყება რადიო “თავისუფლება”.
საერთაშორისო ცენტრმა დღეს, 13 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში „პუტინის ომის დაფინანსება“, რომლის თანახმად, 24 თებერვლიდან 3 ივნისის ჩათვლით, რუსეთიდან ექსპორტირებული წიაღისეული საწვავის 61% ევროკავშირის ქვეყნებმა შეიძინეს. მათ მიერ განხორციელებული იმპორტის შედეგად, რუსეთმა მიიღო დაახლოებით 57 მილიარდი ევროს შემოსავალი.
CREA-ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღეში რუსეთიდან ყველაზე მეტი, 12.6 მილიარდი ევროს წიაღისეული საწვავი შეიძინა ჩინეთმა. მას მოსდევენ:
- გერმანია(12.1 მილიარდი);
- იტალია(7.8 მილიარდი);
- ნიდერლანდი(7.8 მილიარდი);
- თურქეთი(6.7 მილიარდი);
- პოლონეთი(4.4 მილიარდი);
- საფრანგეთი(4.3 მილიარდი).
- ინდოეთი(3.4 მილიარდი).