ცნობილ ქართველ მწერალს, ნინო ხარატიშვილს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, ისტორიაში გამოცდის ჩაბარება მოსთხოვეს, – ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ავტორი სოციალურ ქსელში წერს.
“დიდი ხანია და დიდი მონდომებით ვცდილობ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას . დიდი წვალების შედეგად დავარწმუნე გერმანია , რომ მე საქართველოს მოქალაქეც მინდა ვიყო და რატომ და რისთვის დავუსაბუთე . როგორც იქნა დამთანხმდნენ . ჩვენი საელჩოს დახმარებით 2 წლის თავზე შევიტანე საბუთები , გადავიხადე დადგენილი საფასური , ჩავდექი რიგში და ველოდები . ამ წამს რეკავს ტელეფონი და მატყობინებენ : უნდა გაიაროთ ტესტირება საქართველოს სამართალსა და ისტორიაში და უნდა ჩააბაროთ ისტორიის გამოცდაო ვიმეორებ : ისტორიის გამოცდა . ახლა ვზივარ და ვფიქრობ . ვიცინო თუ ვიტირო? “ – წერს ნინო ხარატიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ნინო ხარატიშვილი დაიბადა 1983 წლის 8 ივნისს, თბილისში.
2010 წელს ნინო ხარატიშვილი გახდა ალბერტ შამისოს პრემიის ლაურეატი, რომელსაც ბავარიის ხელოვნების აკადემია და რობერტ ბოშის ფონდი ლიტერატორებს გადასცემს.
ამჟამად ნინო ხარატიშვილი ცხოვრობს ჰამბურგში (გერმანია) და მუშაობს გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სხვადასხვა თეატრში. მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, თბილისში, ბრუხზალში, გიოტინგენში, საარბრიუკენში და ა.შ.
წყარო: cnews.ge