,,ჯგუფი იწყებს მსჯელობას პიროვნებების დასანქცირებაზე და განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან“, – ამის შესახებ რუსეთში ამერიკის ყოფილმა ელჩმა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორმა, მაიკ მაკფოლდმა “პალიტრანიუსთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები შეეხება პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს.
მაიკ მაკფოლი კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯგუფმა ამ საკითხზე შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.
“ჯგუფი, რომელსაც მე კოორდინაციას ვუწევ, საერთაშორისო, დამოუკიდებელი და უპარტიოა. ჩვენ გვყავს ამერიკელები, უკრაინელები, ევროპელები, რუსებიც კი, რომლებიც მონაწილეობენ ამ ჯგუფში, მაგრამ ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ უკრაინის, ბრიტანეთის, ამერიკის მთავრობებთან, რათა შევიმუშაოთ ახალი იდეები, რა შეიძლება გაკეთდეს, ჩვენ ვეხმარებით მათ საკითხების გადაჭრაში, ჩვენ ვაძლევთ მათ რჩევას და არა პირიქით. რაც შეეხება სახელებს, პიროვნებებს, ჩვენ ვადგენთ დასასანქცირებელი პიროვნებების სიებს. სამუშაო დოკუმენტი #3 ადგენს კრიტერიუმებს, როგორ გავაფართოვოთ სანქცირებული პიროვნებების სია, რომელიც ათასებს აღწევს რუსეთის შიგნით.
ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები”, – აცხადებს მაიკ მაკფოლი.