გურიაში ისევ წვიმს და ადგილობრივი მცხოვრებლები ახლა მხოლოდ იმაზე საუბრობენ, თხილის ვეგეტაციის სეზონს, ეს ამინდი საწამლავივით რომ „ერგება“.
როგორც არაერთხელ ვწერდით, თხილის ფასი, შარშანდელი წლის ბოლოდან მოყოლებული, დაეცა და აღარ მოუმატია. ხალხს გადანახული , შერჩეული, ხარსხიანი თხილის ჩაბარება მიზერულ ფასად მოუხდა.
ახლა, პირდაპირ ხეზე მოკრეფილი, მწვანე მასიდან გამოურჩეველი თხილი, ერთი კილოგრამი 2 ლარი ღირს. თბილისის ზოგ მარკეტში, ასეთი ერთი კილოგრამი 6. 75 ლარი ღირს, ზოგან კი ცოტა უფრო იაფია.
_რად გვინდა ეს სატურისტოდ გადმოგდებული ფასები? ვიღაც გამოივლის, მოხალისე ტურისტი, იყიდის საკნატუნოდ. მთავრობას ჰქონდეს მაი ფასი. მოინდომონ და დაარეგულირონ თხილის ფასი ქვეყანაში. არსებობს რაიმე რეგულაცია ამ კუთხით? იქნებ, გვითხრათ. ა, ბატონო, წელს თხილის არნახული მოსავალია, მაგრამ ხარისხი როგორი იქნება, წინასწარ ვიცით. კარგიც რომ დარჩეს, უკვე ისიც ვიცით წინასწარ, რომ ფასი მაღალი მაინც არ იქნება. არ გვითხრათ ახლა, მთავრობას არ ეკითხება ეს ამბავი და ბიზნესის საქმეაო. მთავრობა იმიტომ გვყავს, ყველაფერიც ეკითხება, _ გვითხრა ჩოხატაურის მკვიდრმა იასე (სოსო) სიხარულიძემ.
მისივე თქმით, დღეს, დილას ჩამოვიდა ჩოხატაურიდან ოზურგეთში. გადანახული 45 კილოგრამი თხილი წამოიღო და უკან მიაქვს, რადგან ერთ კილოგრამში 3 ლარის მეტი არავინ შესთავაზა.
როგორც ზემოთ ვთქვით, წელს თხილი საუკეთესო მსხმოიარობით გამოირჩევა. თუმცა,ახლა,როცა მზიანი ამინდები სჭირდება, გამუდმებით წვიმს. ამის გამო, ხარისხი დაბალი ექნება და სავარაუდოდ კრეფის სეზონი, სულ ცოტა, ორი კვირით გვიან დაიწყება.
ავტორი