დაბა ჩოხატაურში, სასოფლო – სამეურნეო სავარგულებისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვით – აგეგმვითი სამუშაოები დაიწყო.
“პროცესი სრულად ელექტრონულია, რითაც ტექნიკური ხარვეზები მინიმუმამდეა დაყვანილი.
მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურას – საკადასტრო აგეგმვა, აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და ნაკვეთების დარეგისტრირებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფასოდ ახორციელებს”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული გვერდიდან ირკვევა, მიწის სისტემური რეგისტრაციის საველე სამუშაოები ამ დროისთვის დაბა ჩოხატაურშია დაწყებული.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებს, აღნიშნული სამუშაოები დაბლაციხეში, კოხნარსა და საჭამიასერში- 2023 წლის მაისში გახორციელდება. რაც შეეხება გუთურს, ფარცხმას, გოგოლესუბანს, შუა ამაღლებას და ზოტს- იქ სასოფლო – სამეურნეო სავარგულებისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვით – აგეგმვითი სამუშაოები აგვისტოში უნდა დაიწყოს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეგმის მიხედვით, ამაღლებას, ზომლეთს, ქვენობანს, ხიდისთავს, ჯვარცხმას, გორაბერეჟოულს პროგრამა 2024 წლის თებერვალში მოიცავს, ხოლო ერკეთს და ბუკისციხეს მაისში.
როგორც ცნობილია, მოქალაქეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში ჩასართავად წინასწარი განცხადების დაწერა ან უწყებასთან მიმართვა არ სჭირდებათ.
ავტორი