20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული დავით ჯიჯეიშვილისა და კიდევ 7 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მცხეთის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
დავით ჯიჯეიშვილს გამოძიება განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობას ედავება. მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რაც შეეხება დანარჩენ 7 პირს, მათგან 5-ს ბრალი 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება 370-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობილია, რომ პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
მთავარმა არხმა ცხვარიჭამიაში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმის მასალები მოიპოვა, სადაც მთავარი ფიგურანტის, დავით ჯიჯეიშვილის ჩვენებაცაა. 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
აღსანიშნავია, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა პირველი დაკითხვისას მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. დუმილს კი მისი ემოციური ფონით ხსნის. ჯიჯეიშვილი მხოლოდ იმას ამბობს რომ მირიან კუკავას მანამდე არ იცნობდა და პირველად იმ საბედისწერო დაბადების დღეზე ნახა.
ცხვარიჭამიაში სააგარაკე ადგილის დათვალიერების ოქმში ვკითხულობთ რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ კრიმინალისტებმა სისხლის რამდენიმე გუბე აღმოაჩინეს. ასევე ნაპოვნია დანაშაულის იარაღი შავი ფერის დანა. იუბილეზე 50-მდე ახალგაზრდა, მათ შორის ორი, ერთამნეთისთვის უცნობი ჯგუფი იმყოფებოდა. თავად იუბილარისა და მისი დის მეგობრები.
დანაშაულის მოტივი პროკურატურამ სხვა ბრალდებულების ჩვენებებით დაადგინა. გამოძიებამ უკვე იცის რომ ნახალოვკელებსა და საბურთალოელებს შორის დაპირისპირება ჯერ სუფრაზე მოხდა, შემდეგ ისინი შეარიგეს თუმცა მალევე კონფლიქტი უფრო გამწვავდა და გარეთ სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.