რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა თქვა, რომ “აზოვსტალი” ტექნოპარკი გახდება. ამ თემაზე მან РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა და დროებით ოკუპირებული მარიუპოლის “აღდგენის” გეგმაზე ისაუბრა.
მას არ დაუკონკრეტებია რას ნიშნავს “აზოვსტალის” ტექნოპარკის რეჟიმში გახსნა.
როგორც BBC წერს, მარატ ხუსნულინის თქმით, ქალაქის ცენტრში ისტორიული შენობები აღდგება, ხოლო პირველი საცხოვრებელი და სოციალური ობიექტების მშენებლობა სექტემბრისთვის დასრულდება. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ პუტინის დავალებით ქალაქში ახალ პარკებს გააკეთებენ. 2025 წლისთვის კი, ქალაქის მოსახლეობა 350 ათას ადამიანამდე გაიზრდება.
“რაც შეგვიძლია აღვადგინოთ, ყველაფერს აღვადგენთ. ყველაფერს, რასაც ვერ აღვადგენთ, ჩვენ ავაშენებთ”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა
ხუსნულინმა თქვა, რომ თანხების გამოყოფა თვითგამოცხადებული DNR და LNR ტერიტორიების აღდგენისთვის განხორციელდება რუსეთის რეგიონების განვითარებაზე დანახარჯების შემცირების გარეშე.
მარიუპოლის საკრებულოს ცნობით, ორთვიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ ქალაქის 90% განადგურებულია. არსებული ცნობებით, ქალაქში დაახლოებით 150 000 ადამიანი რჩება, მათ ნაწილს ამ დრომდე არ აქვს სასმელი წყალი, ელექტრო ენერგია, გაზი. ზოგიერთი ადამიანი კი, კვლავ სარდაფებში ცხოვრობს და ცეცხლზე ამზადებს საკვებს.
ავტორი