ბორჯომში ხანძრის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი ართულებს.
“ხანძარი თავდაპირველად სოფელ ზოვრეთში გაჩნდა მიუვალ ადგილას. მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო მოხდა ხანძრის გავრცელება და სოფელ დგვარის მიმდებარედ ამოსულია უკვე ხანძრის ალი. როგორი იქნება ქარის სიჩქარე ამაზე ბევრი რამეა დამოკიდებული”,_ ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ბორჯომის მერმა განაცხადა.
ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოები გრძელდება. ცოცხალ ძალასთან ერთად ცეცხლის ჩამქრობ სამუშაოებში 3 ვერტმფრენია ჩართული და კიდევ ერთი ვერრტმფრენი ჩაერთვება.
დაახლოებით რა ტერიტორიაზეა ხანძარი გავრცელებული, ამის თქმა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზიც, თუმცა როგორც ბორჯომის მერი აცხადებს, რომ ერთ-ერთ ვერსიად ღრუბლიანი ამინდი და მეხის დაცემა განიხილება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით კი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.
ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.
ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია.
ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.