ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, მეორე ბრიგადად წოდებულ უბანში, ადგილობრივი მცხოვრებლები გზაზე ბეტონის საფარის დაგებას ითხოვენ. ამ გზის მონაკვეთი 1 კილომეტრამდე სიგრძისაა.
_ საარჩევნო პერიოდში ფიანდაზების დაფენას შეგვპირდნენ. ოღონდაც დასრულდეს ეს არჩევნები, კაბინეტში შევიდეთ და რას არ გაგიკეთებთო, – გვპირდებოდნენ გასულ წელს, არჩევნების წინ. სადაა მერე? გზა ისეა დანგრეული, როცა სამარშრუტო ავტობუსიდან ჩამოვალთ, ამხელა ტვირთებით, ვირებივით სიარული გვიწევს. მივათრევთ და ვერ მიგვაქვს_ ამბობენ ადგილობრივები.
აღნიშნული უბნის მკვიდრი, ელისო ბენდელიანი ამბობს, რომ საარჩევნო დაპირების შემდეგ, არაერთხელ დაუკავშირდნენ მუნიციპალიტეტის მერიას, კერძოდ საკრებულოს დეპუტატს ნინო მახარაძეს.
_ ერთხელ ამოვიდა აქ მახარაძე. მერე თვალით არ გვინახავს. არც გამოჩენილა. დაგვპირდა ისიც და მორჩა. რა ვქნათ ამ სიცხეში? ტვირთით 1 კილომეტრზე სიარული კი არა, თავისუფლად გადაადგილება ჭირს, ვერ ვსუნთქავთ. ჩვენ არაფერს ვითხოვთ შეუძლებელს. დაპირება შეასრულონ. საარჩევნო დაპირება უვადო არ უნდა იყოს,_ გვითხრა ბენდელიანმა.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის საკრებულოს წევრს ნინო მახარაძეს ესაუბრა. ქალბატონი ნინო ამ სოფლიდან არის არჩეული საკრებულოში.
_ აღნიშნულ უბანში ითხოვენ ბეტონის საფარიანი გზის დაგებას. დაპირება შესრულდება. აუცილებლად გააკეთებენ,_ გვითხრა ნინო მახარაძემ.
კითხვაზე, თუ შეუძლია კონკრეტული ვადის დასახელება, როდის გაკეთდება, მახარაძე ამბობს, რომ საკითხი ოქტომბრის ბოლომდე აუცილებლად მოგვარდება და ამ მონაკვეთზე ბეტონის საფარს დააგებენ.
აღნიშნული საკითხის შესახებ “გურია ნიუსი” მალე ვრცლად გიამბობთ.
ავტორი