„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა რეანიმატოლოგის, მარინა ფირცხალავას განცხადებით, ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ბინაზე სავარაუდოდ მალე გაეწერება.
„ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, სპონტანურ სუნთქვაზეა ანუ თავისით, დახმარების გარეშე სუნთქავს, ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია, მონიტორინგს კვლავ საჭიროებს, მაგრამ აქტიურია, კონტაქტში შემოდის, შეკითხვებს პასუხობს. რაც შეეხება რისკებს, დაკვირვებას ჯერ მაინც საჭიროებს. შეკითხვებს ადეკვატურად პასუხობს. მონიტორინგი ინტენსიურ განყოფილებაში გრძელდება, ნევროლოგიური სტატუსი ჯერ კიდევ საჭიროებს დაკვირვებას. ბინაზე სავარაუდოდ მალე გაწერება. მე ვფიქრობ, რომ ლაზარე საზღვარგარეთ გადაყვანას ამ ეტაპზე, ამ მონაცემებით, არ საჭიროებს“, – განაცხადა მარინა ფირცხალავამ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.