საბავშვო ბაგა-ბაღებში, ისევე, როგორც სკოლებში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა და გაცდენის თემა კვლავ გააქტიურდა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობთ, გაცდენებთან დაკავშირებით კვლავ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის მიხედვით იმოქმედებენ.
აღნიშნული წესის მიხედვით, თუ აღსაზრდელი ზედიზედ 10 სამუშაო დღეს, ხოლო, თვის პერიოდში 15 სამუშაო დღეს არ გამოცხადდება საბავშვო ბაღში და მშობელი 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაცდენის მიზეზის დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარადგენს, სკოლამდელი დაწესებულებიდან გაირიცხება.
გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია:
აღსაზრდელის ან/და აღსაზრდელის ოჯახის წევრის ავადმყოფობა;
ოჯახის წევრის გარდაცვალება;
სტიქიური უბედურება ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაცია.
გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს, აგრეთვე, სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საპატიოდ მიჩნევის საკითხს წყვეტს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების დირექტორი.