1 ნოემბერს, კოლეგებმა და სრულიად სამტრედიის საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა საპატიო რკინიგზელი, შოთა კვეტენაძე.
საქართველოს რკინიგზის წინაშე დიდი დამსახურების მქონე პიროვნება, 84 წლის ასაკში, ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ღვაწლმოსილმა რკინიგზელმა “საქართველოს რკინიგზაში” ნახევარ საუკუნეზე მეტი იმუშავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. წარმოშობით ზესტაფონელი შოთა კვეტენაძე ბოლოს სამტრედიის სალიანდაგო სამმართველოს უფროსი იყო. კოლეგები, ყოფილი თანამშრომლები შოთა კვეტენაძეს დადებითად ახასიათებენ და იხსებენ, როგორც ღირსეულ პიროვნებას და დარგის ერთ-ერთ საუკეთესო ხელმძღვანელს.
,,ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეა, რადგან უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ პიროვნებას, რომელმაც თავისი ნიჭიერებით, შრომისმოყვარეობითა და უდიდესი პასუხისმგებლობით იცხოვრა ამ ქვეყანაზე. იყო თითოეული ჩვენგანის ჭირ- ვარამის გამზიარებელი, მასწავლებელი, გულშემატკივარი. შოთა კვეტენაძემ არაერთი ახალგაზრდა სპეციალისტი გამოუზარდა “საქართველოს რკინიგზას”. ის გახლდათ ბუნებით ქველმოქმედი, მისი ინიციატივითა და სამტრედიის სალიანდაგო დისტანციის თანამშრომელთა გვერდში დგომით 2000 წელს სამტრედიაში აშენდა ქალაქის ტერიტორიაზე ერთ-ერთი პირველი, ფერისცვალების სახელობის ეკლესია, საიდანაც დღეს უკანასკნელ გზაზე გავაცილებთ ბატონ შოთა კვეტენაძეს. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ შოთა კვეტენაძის ინიციატივით და მატერიალური მხარდაჭერით აღდგა მის მშობლიურ სოფელ ზორვეთში ძველი ეკლესია”,_ განაცხადა ,, გურია ნიუსთან” საუბრისას დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს ინჟინერმა მედეა გეგიამ.
ავტორი