გურიაში, ნოემბრის დასაწყისში, კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ ჩვენს ბაღჩა-ბოსტნებს, რაიმე ხომ არ დაგვრჩა დასათესი.
ახლა აუცილებლად უნდა გვქონდეს დათესილი ან სასწრაფოდ დავთესოთ ისეთი მწვანილეული, როგორიცაა: ნიორი, მწვანე ხახვი, წიწმატი, ქინძი, ოხრახუში, ნიახური, ბოლოკი, სალათის ფოთლები.
გურიის სოფლებში თუ ქალაქებში, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, მწვანილი ღია გრუნტში მოჰყავს, სასათბურე სისტემა მხოლოდ მცირე პროცენტს აქვს.
ამიტომ ყველამ უნდა გამოვიყენოთ ყველაზე მარტივი ფორმა _ პოლიეთილენით გადახურვა.
მწვანილეული დავთესოთ ჩვეულებრივი წესით, ღია გრუნტში, განოყიერებულ კვალში.
ახლა დათესილი ან უკვე ამოსული მწვანილეული, საგაზაფხულოდ საუკეთესო ვეგეტაციას ახერხებს, განახლების თვალსაზრისით.
ჯერჯერობით, ნათესებს შეფუთვა არ სჭირდება. თუმცა, რაკი ახალდათესილი ან ახალამოსული მწვანილეული, ზედმეტი აცივებისას, შეიძლება გაგვიფუჭდეს, მოვამზადოთ კვალსათბურები და გადავაფაროთ პოლიეთილენი. მზიან ამინდში კი გადავაძროთ, ღამით ისევ დავახუროთ.
ვისაც არ დაგითესავთ, დააჩქარეთ ცერცვის (ბარდა) და წითელი მხალის დათესვა, ნოემბრის დასაწყისში. შემდეგ უკვე ამოსვლა გაუჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რჩევებს არაერთგზის ვიმეორებთ, შემოდგომის ბოლოს და ზამთრის პერიოდში, ბოსტნებში ბევრს არ აქვს მწვანილეული. სოფელში, მიწის მქონე უამრავი ოჯახის წარმომადგენელი, ხშირად ყიდულობს მწვანილეულს ბაზარში _ რატომღაც ეს ხარჯი იაფად მიაჩნიათ, თუმცა, თუ ვიანგარიშებთ, 5-6 თვის მანძილზე, საკმაო თანხა სჭირდება. მით უფრო ახლა, როცა ასე გაძვირებულია ყველა სახის პროდუქტი და ოჯახებს კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური მომჭირნეობა ელოდებათ წინ.
ამ პერიოდში ნათესებს თუ ნორჩ მწვანილეულს ნაკლებად სჭირდება მორწყვა. ეცადეთ, მათ სითბო არ მიაკლდეს _ ღია გრუნტში უმეტესად გადახურული გქონდეთ.