გურიაში, სადაც სინესტე იშვიათობა არ არის, ვარდის დაკალმება და გახარება ძნელი არაა. ყველაზე ადვილად, ეს მარტივად ხერხდება ტოტების გადაჭრით და მერე მიწაში ჩარგვით. ზოგს ეს რთულ საქმედ მიაჩნია და ჰგონიათ, რომ ვარდის გახარება დაკალმების შემდეგ, იშვიათად ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვცადეთ მრავალი რჩევით და წესით გათვალისწინებული სხვადასხვა მეთოდი, მეტ-ნაკლებად, კალამი ადვილად ხარობს პირდაპირ მიწაში ჩარგვით (ხშირად, ჯერ წყლიან ჭურჭელში ან მკვებავი ხსნარით გაჯერებულ სითხეში აწყობენ, თუმცა, შედეგი ერთნაირია).
ავჭრათ ნებისმიერი ჯიშის ვარდის ტოტები, რომელიც შედარებით ახალია. შემდეგ მიწაში ჩასაშვები ნაწილი, რომბისებურად წავაჭრათ. არ შეგვეშალოს და წვეროს ნაწილი თავქვე არ ჩავრგოთ მიწაში.
ნიადაგში ერთი ან ორი კვირტი მოვაქციოთ. ასევე, ორი ან სამი კვირტი _ მიწის ზემოთ.
გურიის პირობებში ხშირი მორწყვა არ სჭირდება, მით უფრო, შემოდგომაზე დაკალმებულს. აუცილებელია ოპტიმალური სითბო. ამიტომ პრაქტიკული მეთოდია, თუ გვექნება მანქანის ძველი საბურავები, დავალაგოთ, შიგ კარგად გაფხვიერებული, ნაკელიანი მიწა ჩავყაროთ და ჩავარჭოთ კალმები ან შემოვრაგვოთ რაიმე საგნებით _ ხის თუ თუნუქის მასალით.
თუ ზამთარი ძალიან ყინვიანი ან თოვლიანი იქნება, გადავაფაროთ პოლიეთილენი. უმეტესი ნაწილი გაიხარებს.
მთავარია, ცივ ზამთარში არ მოიყინოს!