დღეს მსოფლიოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა, ჩოხატაურში შშმ პირთა რაოდენობით და რას აკეთებს მუნიციპალიტეტი მათ დასახმარებლად.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლის, ლილე კვინტრაძის თქმით, ჩოხატაურში 500-მდე შშმ პირია.
„ჩოხატაურში 500-მდე შშმ პირია და აქედან, 60 არის 18 წლამდე ასაკის. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ჩოხატაურში დაგეგმილი იყო ღონისძიება, მაგრამ ვირუსული ფონის გამო გაუქმდა. რაც შეეხება ძირითად ღონისძიებებს: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში შშმ პირთათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის ქვეპროგრამები:
- სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტების შეძენაზე დახმარება;
- 18 წლამდე ასაკის გულის მანკით, ლეიკემიით, ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირთა სამედიცინო მომსახურებაზე დახმარება;
- ჰემოფილიით დაავადებულ პირთა ფულადი დახმარება;
- 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა ყოველთვიური ფულადი დახმარება (კომუნალური ხარჯი).
- ხელოვნური საკვები პროდუქტების საჭიროების მქონე პირთა დახმარება.
- ეტლის შეძენაზე დახმარება- ეხება როგორც შშმ პირს, ისე სხვა ნებისმიერ მსურველს, ვისაც სჭირდება.
- მუნიციპალიტეტი თანადაფინანსებაშია 18 წლამდე ასაკის შშმ პირთა დღის ცენტრთან და არასამთავრობო ორგანიზაცია “ოდაქეართან”, რომელიც ახორციელებს ადრეული განვითარების პროგრამას.
- ყოველ წელს დაბა ურეკში 10 შშმ პირი და მისი მეურვე გადის სარეაბილიტაციო კურსს.
- მეტყველების დარღვევის მქონე პირთათვის ლოგოპედის მომსახურებაზე დახმარება.
- აუტისტური სპექტრის მქონე 16 წლამდე ასაკის პირთა სამედიცინო კვლევებზე დახმარება“, _ გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
ცნობისთვის, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია, კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.
მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ მიმართულებით დიდი ძალისხმევაა გაწეული, შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს კვლავაც ექმნებათ: გადაადგილების, განათლების, დასაქმების, რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და სხვა ტიპის პრობლემები.
ეს პრობლემები განსაკუთრებით მძაფრად ჩანს ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირებს ყოველდღიურად უწევთ დიდი დაბრკოლებების გადალახვა, რომელიც ვერ ჩაითვლება ღირსეულ ცხოვრებად.
შშმ პირების ნაწილი ამის გამო გამოკეტილია დახურულ სივრცეში და ვერ ახდენს საზოგადოების ნაწილად საკუთარი თავის აღქმას, ნაწილი კი მძიმე საზოგადოებრივი სტიგმის მსხვერპლია.
საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას 2009 წელს მოაწერა ხელი.
ავტორი: მარიამ ცენტერაძე