წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა და ისტორიის განადგურება დაფიქსირდა ჩვენს თვალწინ ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო (ანუ მცირე) ეკლესიაში წინამძღვრის, დეკანოზ ისე (საერო სახელი – ბაღდო) არხოზაშვილის ხელმძღვანელობით 2019 წელს:
1) აღნიშნული თავხედობისა და მავნებლობის შედეგად განადგურდა თავადი სუმბათაშვილების, მათ შორის ცნობილი გენერალ მიხეილ სუმბათაშვილის, მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები, რაც დიდი ისტორიული დანაკლისია, მით უფრო, რომ ეს ეპიგრაფიკული ძეგლები მეცნიერულად შესწავლილი და ფოტოფიქსირებული არ იყო.
2) მე-18 საუკუნის ნატეხი და რიყის ქვით ნაშენი დარბაზული ეკლესიის ფასადების კედლები მთლიანად დაფარულ იქნა ახალი ქვის (ნიჩბისის ნატეხი ქვა) პერანგით, რითაც სრულად დაიფარა ტაძრის ავთენტური, ისტორიული იერსახე და არქიტექტურა, რაც ასევე უნდა შეფასდეს, როგორც ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება და უმძიმესი დაზიანება.
ფოტოზე: საფლავთმაოხრებელი ქვაბავაზაკი დეკანოზი ისე არხოზაშვილი განადგურებულ და მომეტლახებულ საფლავებზე მდგომი.
ეს ამბავი 2020 წელს აღმოვაჩინე და მივაწოდე თეოლოგ გ. ტიგინაშვილს გამოსაქვეყნებლად, რადგან ჩემი მუდმივი კრიტიკული აქტივობების გამო საპატრიარქო მუდამ აწუხებდა ჩემს ეპისკოპოსს და ჩემს დასჯას ითხოვდნენ, ამიტომ მოვერიდე ზედმეტ დაძაბულობას.
ატყდა დიდი სკანდალი მედიაში, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ყველაფერი ჩაიფარცხა და მივიწყებას მეცა, ხოლო ვანდალი მღვდელი ისე ისევ მაგ ტაძრის წინამძღვარია. ესაა ჩვენი საპატრიარქოს და პირადად ილია მეორის, თბილისის მთავარეპისკოპოსის რეალური სახე…
ეს უვიცი და ველური მღვდელი არხზაშვილი პროფესორად ჰყავდა ნეკრესის მიტროპოლიტ სერგის გრემის სასულიერო სემინარიაში (საპატრიარქოს მორიგი არაკრედიტირებული და არაავტორიზებული ფსევდო სასწავლებელი, ფულის საჭრელი სტანოკი). რას ასწავლიდა ან ასწავლის იქ მომავალ მღვდლებს ბაღდო?! ალბათ, საფლავთმაოხრებლობის ტექნოლოგიებს.
წარმოგიდგენთ შესაბამის ფოტომტკიცებულებებს ჩადენილი უდიდესი მორალური, ანტიქრისტიანული, სისხლისსამართლებრივი და ეროვნული დანაშაულის შესახებ. ფოტოები ქრონოლოგიურადაა და მიხვდებით რა იყო და რა მოხდა, წერს დეკანოზი და ფოტოებს აქვეყნებს.