საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში, მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა, _ ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
,,თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის – ო.ც. გარდაცვალების შესახებ თვითმხილველმა აცნობა.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, თურქეთში, დამანგრეველ მიწისძვრას ემსხვერპლა კიდევ ერთი ემიგრანტი. დაღუპული 67 წლის ნანი ზარანდიაა, რომელიც ემიგრაციაში 12 წელია იმყოფებოდა.