ნაპოლეონის ქუდი 1,9 მილიონ ევროდ გაიყიდა. ყველაზე ცნობილი ქუდი სამხრეთ კორეელმა კოლქციონერმა შეიძინა. გაყიდული ქუდი ნაპოლეონ ბონაპარტს 1800 წელს მარენგოს ბრძოლაში ეხურა. მოგვიანებით, ეს ქუდი ნაპოლეონმა ერთ-ერთ ვეტერანს აჩუქა.
აუქციონი, რომელზეც ბონაპარტის გარდერობის ასობით ნივთი იყო გამოტანილი, ფონტენბლოში ჩატარდა. ეს ქალაქი იმითაა ცნობილი, რომ აქ განლაგებულია აღორძინების პერიოდის დიდებული სასახლე, რომელიც საფრანგეთის მრავალი მმართველის რეზიდენცია იყო.
აუქციონამდე ნაპოლეონის გარდერობის ყველაზე ცნობილი ელემენტი და ალბათ, ყველაზე ცნობილი ქუდი მსოფლიო ისტორიაში, ეკუთვნოდა მონაკოს სამეფო ოჯახს. თავის დროზე ეს კოლექცია შექმნა პრინცმა ლუი II-მ, რომელიც მონაკოს ამჟამინდელი მონარქის ალბერტ II-ის დიდი პაპა იყო. ექსპონატების გაყიდვით მიღებული თანხით მონაკოს სამეფო სასახლე გარემონტდება.
ნაპოლეონის ქუდის საწყისი ფასი აუციონზე 300-400 ათასი ევრო იყო. საბოლოო ჯამში, აუქციონზე ყველაზე მაღალი თანხა, 1,5 მილიონ ევრო, დაასახელა კოლექციონერმა სამხრეთ კორეიდან. აუქციონის საკომისიო თანხების გათვალისწინებით ექსპონატი კოლექციონერს 1,9 მლნ ევრო დაუჯდა.
ჩვენამდე სულ ნაპოლეონის 19 ქუდმა მოაღწია. ისტორიული წყაროების მიხედვით, იმპერატორმა თავისი კარიერის განმავლობაში 120-ზე მეტი ქუდი გამოიცვალა.
ორწვერიანი ქუდი იმდროინდელი სამხედრო ფორმის ჩვეულებრივი ატრიბუტი იყო, თუმცა, ნაპოლეონმა ის „ექსკლუზიურად“ აქცია მას შემდეგ, რაც ეს ქუდი 90 გრადუსით შეატრიალა და მხრების პარალელურად დაიხურა.
ავტორი