business insider-ის ინფორმაციით, რუსი გენერალი უცნობი ტოქსინით გაჟღენთილი წერილით მოწამლეს, _ თქვა ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა.
კადიროვმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა, თქვა, რომ მისი უმაღლესი გენერალი უკრაინაში მოწამლეს მას შემდეგ, რაც მას 8 თებერვალს გაუგზავნეს წერილი.
“აპტი ალაუდინოვმა, რომელიც მეთაურობს ახმატის სპეცრაზმს, აიღო წერილი, რომელიც მოწამლული ნივთიერებით იყო გაჯერებული. გენერალმა ის მწარე, სპეციფიკური სუნით შეიგრძნო და დროულად მიიღო ზომები: დაიმუშავა ხელები და ცხვირის ღრუ“, – დასძინა კადიროვმა.
ჩეჩნეთის ლიდერმა თქვა, რომ ალაუდინოვი და სხვა პერსონალი, რომლებიც კონვერტთან შეხებაში იყვნენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ითხოვდნენ მოსკოვის კლინიკაში და ახლა “გამოსწორების პროცესში არიან”.
“სერიოზული შედეგები თავიდან აიცილეს”, – დასძინა კადიროვმა.
გაურკვეველია, ვინ გაგზავნა წერილი ან კონკრეტულად რა ნივთიერება იყო, მაგრამ კადიროვმა თქვა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და არის “უკვე შედეგები”.
ახმატის სპეცრაზმი არის ჩეჩნური გასამხედროებული ორგანიზაცია, რომელიც იბრძოდა უკრაინაში.
ომამდე ალაუდინოვი ხელმძღვანელობდა ჩეჩნეთის პოლიციას, რომელსაც ბრალი ედებოდა ლგბტქ+ თემის წევრების წამებასა და დაპატიმრებაში, იტყობინება ABC News. შედეგად, ის აშშ-ს სანქციების სიაში მოხვდა.
ეს არ არის შხამთან დაკავშირებული პირველი ინციდენტი გასული წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ.
გასული წლის მარტში, რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი მცირე ხნით დაბრმავდა უკრაინელ მომლაპარაკებელებთან სამშვიდობო შეხვედრების დროს აშკარა მოწამვლის შემდეგ.