რომ არა პაპარაცები, ვერავინ გაიგებდა, რომ დევიდ ბექჰემს მომავალი მეუღლე ვიქტორია ადამსი გულში სწორედ რომ თბილისში ჩაუვარდა.
რამდენიმე წლის წინ, ”სანმა” ინკოგნიტო პაპარაცი ჟურნალისტის მონათხრობზე დაყრდნობით შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: ინგლისის ნაკრები 1996 წელს თბილისში ჩამოვიდა და ვარჯიშის შემდეგ სასტუმრო ”მეტეხში” დაბრუნდა. მოთამაშეები თავ-თავიანთ ნომრებში განმარტოვდნენ. მცირეხნიანი დასვენების შემდეგ, რამდენიმე მათგანი დევიდ ბექჰემის ოთახში შეიკრიბა და სატელიტური ანტენით რომელიღაცა მუსიკალური არხის ყურებას შეუდგა.
მალე ოთახში მყოფ საზოგადოებას თვალწინ ჯგუფი ”სფაის გერლზი” წარუდგა. სიმღერის დასასრულს დევიდ ბექჰემი ფეხზე წამოხტა, ტელეეკრანს მივარდა, ერთ-ერთ წაბლისფერთმიან ქალს თითი დაადო და ”აი ეს არის ჩემი ოცნების მუზა, ის ჩემი გახდება, რადაც არ უნდა დამიჯდესო”-წარმოთქვა.
გამოხდა ხანი, დევიდი და ვიქტორია დაქორწინდნენ. ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან და მსოფლიოს შოუ-ბიზნესის ავანგარდშიც ტრიალებენ. საქმიანობის ამ სფეროსაგან საქართველოს დედაქალაქი ცოტა არ იყოს მოშორებით მდებარეობს.
მომავალში ალბათ ვიხილავთ თბილისში ერთ-ერთი ფეშენებელური სასტუმროდან გამომავალ ხნიერ უცხოელ წყვილს. ერთ-ერთი მათგანი სპორტული აღნაგობის მამაკაცი იქნება, რომელიც თავის თანხლებ ასევე ასაკოვან მანდილოსანს ავლაბრის აღმართისაკენ წარუძღვება. შემდეგ კი სახეზე ცრემლმორეული „ამ მიდამოებში ჩამივარდა შენი ეშხი გულშიო“-ამცნობს. ამ ცხოვრებაში არაფერი არ უნდა გვიკვირდეს და თუ დევიდ ბექჰემს რომანტიული სულის ერთი მისხალი მაინც შერჩენია მათი ოჯახის ამ თბილისურ მოგზაურობას აუცილებლად უნდა ველოდოთ.
ავტორი