რუსთავში, მე-6 მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მე-2 სართულზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას inforustavi ავრცელებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” კორპუსის მცხოვრებლებმა განუცხადეს, აფეთქების დროს სახლში 65 წლამდე ქალი და მისი 28 წლამდე შვილიშვილი იმყოფებოდა.
“კარები შემოინგრა, ფარდა ჩამოვარდა და შევხედე, ვიფიქრე მიწისძვრაა თქო, მიშველეთო ეს ბებია ყვიროდა. ისეთი წნევა იყო ყველა კარი დაგლიჯა. ასე თქვეს, რომ გაზი დაგროვდა და შუქი აანთეს თუ არა აფეთქდა.
ბებია და შვილიშვილი იმყოფებოდა სახლში და სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ გადაიყვანა, დამწვრობა ჰქონდათ. აფეთქების დროს 7 სახლი დაზიანდა. ერთი თვის ნაყიდი ჰქონდათ სახლი, ახალი გაკეთებული რემონტი”,- განუცხადა თვითმხილველმა “ინფო რუსთავს”.
დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, 65 წლამდე ქალს სხეული პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნებოდა. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ კი მისი ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში გადაყვანა მოხდა.
30 წლამდე დაშავებული მამაკაცი კი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, თეა გელაშვილის თქმით, პაციენტს სხეული 40%-იანი დამწვრობა აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა, რის გამოც ახალგაზრდა კაცი თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავი” დაუკავშირდა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს გუგა ქაშიბაძეს, რომელიც აცხადებს, რომ ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.