აშშ-ს მიერ სანქცირებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელია FACEBOOK – ზე წერს, რომ იწყებს “აქტიურ მოქმედებებს”, რომ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს მიმართოს და სადაო გახადოს მისი სანქცირების საკითხი.
შენგელია ამბობს, რომ არ აპირებს კორუმპირებულის იარლიყს შეეგუოს.
ის აღნიშნავს, რომ მისთვის ამერიკის ვიზა არაა მთავარი და შეიძლება შტატებში აღარასდროს გაემგზავროს, მისთვის მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია,
,,მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული.
არ ვაპირებ ,,კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას. ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ; არამედ – მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად.
ვინაიდან ჩემი სარჩელის ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი მას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს.“ – წერს მოსამართლე ირაკლი შენგელია.
ავტორი