სუდანში ევროკავშირის ელჩს ორშაბათს ხარტუმში, თავის სახლში დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი , ჟოზეფ ბორელი ავრცელებს.
“რამდენიმე საათის წინ სუდანში ევროკავშირის ელჩს მის რეზიდენციაში დაესხნენ თავს. დიპლომატიური ობიექტების და თანამშრომლების უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების მთავარი პასუხისმგებლობაა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულება” – წერს ბორელი.
ევროკავშირის პრესმდივანმა, ნაბილა მასრალიმ სააგენტო “ფრანს პრესს” უთხრა, რომ ის “კარგადაა” თავდასხმის შემდეგ. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირის დელეგაციის ევაკუაცია არ მომხდარა. მიმდინარეობს უსაფრთხოების ზომების შეფასება.
ინფორმაციისთვის, 16 აპრილის ღამეს სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება “სწრაფი რეაგირების ძალებსა” და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირება დაიწყო. სუდანის არმიამ დედაქალაქის მიმდებარედ, ომდურმანში, საჰაერო დარტყმები განახორციელა “სწრაფი რეაგირების ძალების” ბაზებზე.