ბახმაროს მიმართულებით თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მერის წარმომადგენელი დაბა ბახმაროში, შალვა ცინცაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ გზაზე ზვავსაშიში მონაკვეთებია, რის გამოც ბახმაროში ასვლისგან ჯობია მოქალაქეებმა თავი შეიკავონ.
“ადგილობრივი ხელისუფლების და საგზაო დეპარტამენტის დახმარებით ხორციელდება ჩოხატაური- ბახმაროს დამაკავშირებელი გზის გაწმენდა ჩამოწოლილი ზვავებისაგან. ამ ეტაპზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს გზის 47-ე კილომეტრზე. ძალიან ბევრ ადგილას არის, საორიენტაციოდ, 12-14 მეტრის სიმაღლის ზვავები ჩამოწოლილი. სპეცტექნიკა მუშაობს და რთულია, იმის თქმა, კონკრეტულად რამდენ ხანში დამთავრდება გზის გაწმენდა”,_ ამბობს შალვა ცინცაძე.
ჩვენს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა კურორტზე ბურანებით ასვლა, ცინცაძე გვპასუხობს:
_ გზაზე აღინიშნება ზვავსაშიში მონაკვეთები, რის გამოც გირჩევდით ბახმაროზე ასვლისგან თავი შეიკავოთ.
ინფორმაციისთვის, ბახმაროს მიმართულებით ავტომოძრაობა, უხვი თოვლის გამო, ნოემბრიდან შეიზღუდა.
ფოტოები “გურია ნიუსს” მერის წარმოამდგენელმა მოაწოდა.
ავტორი