რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს, ე.წ. სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია დაკავებულის ადვოკატზე, ავთანდილ ჭკადუაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ე.წ. უშიშროების სამსახური ქრისტინე თაკალანძეს “საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობას” ედავება.
ადვოკატის ცნობით, თაკალანძის სასჯელის ათვლა მისი დაკავების დღიდან, 2022 წლის 20 ივლისიდან დაიწყება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ “სახელმწიფო ბრალდება” ქრისტინე თაკალანძის 13 წლით დაპატიმრებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომგალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 26 ივლისს დააკავეს.
აფხაზური მხარის მტკიცებით, ის ქართული მხარის სასარგებლოდ აფხაზეთში ინფორმაციას აგროვებდა.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა “ჯაშუშის” დაკავების ვიდეოც გამოაქვეყნა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უწყება ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქე ქართული დაზვერვის დავალებით აგროვებდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ინფორმაციას.
უწყება ამბობს, რომ გოგო 20 ივლისს დააკავეს, 25 ივლისს კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
ვიდეოში, რომელიც აფხაზურმა უწყებამ გაავრცელა, ჩანს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საბანკო ბარათი, ასევე სხავდასხვაა ქართული აფთიაქების ფასდაკლების ბარათები, ქართულ ენაზე დაწერილი ტექსტები სხვადასხვა ფურცლის ნაგლეჯებზე.