საქართველოში, ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან ამინდის შეცვლას პროგნოზირებენ.
როგორც “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და იწვიმებს.
“დასავლეთ საქართველოში დღეს უნალექო ამინდი ნარჩუნდება. ხვალ, დღის მეორე ნახევარში ზოგან შესაძლებელია, აღინიშნოს მცირე ხანმოკლე წვიმა, რაც ტემპერატურაზე ვერ იმოქმედებს. +25 გრადუსია მოსალოდნელი სანაპირო რაიონებში, ხოლო შიდა რაიონებში +26 გრადუსი. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
19 მაისს, სანაპირო რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს რამდენიმე გრადუსით. შიდა რაიონებში კი 1, 2 გრადუსით. მოიღრუბლება და საღამოს საათებში ნალექია მოსალოდნელი. გაწვიმდება. წვიმა შენარჩუნდება 20 და 21 მაისსაც. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაახლოებით +20, +21 გრადუსი იქნება. 21 მაისიდან კი გამოიდარებს რამდენიმე დღით. შეიძლება ჩაითვალოს, რომ უმეტესად უნალექო, თბილი ამინდებია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში შესაძლოა +28, +30 გრადუსამდეც კი დაფიქსირდეს.
რაც შეეხება აღმოსავლეთს, აღმოსავლეთ საქართველოშიც არამდგრადი სიტუაციაა. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან და ასევე 19 მაისის საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ხვალ მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება ბარში და მათ შორის დედაქალაქშიც, +19 გრადუსამდე. 20, 21 მაისს უმეტეს რაიონშია მოსალოდნელი წვიმიანი ამინდები, ზოგან ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს და ცვალებადი მიმართულების ქარი გაძლიერდება ელჭექის დროს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში დაახლოებით +19, +21 გრადუსია მოსალოდნელი”,_ ამბობს გვაზავა.