რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა ბელგოროდის რეგიონში დივერსანტების თავდასხმაზე და განაცხადა, რომ ეს “ღრმა შეშფოთებას იწვევს”.
“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინელი ბოევიკები აგრძელებენ მოქმედებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამას ჩვენგან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ეს ძალისხმევა გრძელდება მომავალში ასეთი შეღწევების თავიდან ასაცილებლად“, – ციტირებს ინტერფაქსი პესკოვის სიტყვებს.
კრემლის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა არ გაიმართება.
უკრაინამ არ აიღო პასუხისმგებლობა დივერსიაზე.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა იური საკმა BBC-ს წინა დღით განუცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონში დარბევაში რუსეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. რუსების ამ შეიარაღებული ჯგუფების შექმნასა და ქმედებებში უკრაინის მონაწილეობის შესახებ კითხვაზე პირდაპირ პასუხის გაცემაზე საკმა უარი თქვა.
ინფორმაციისთვის, ბელგოროდის რეგიონში პროუკრაინული ჯგუფების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია 22 მაის გავრცელდა. როგორც ეს ჯგუფები, “რუსეთის თავისუფლების ლეგიონი” და “რუსეთის მოხალისეთა კორპუსი” აცხადებენ, მათი მიზანია რომ უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა შექმნან, რათა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა ვეღარ მოახერხონ.