საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს მეხი დაეცა ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს. ის თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურია.
როგორც სამინისტრო აცხადებს, დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც მას რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება.
„პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება. თუმცა, მიმდინარე რეანიმაციული მკურნალობის შედეგად ჰერმოდინამიკური პარამეტრები უკვე დასტაბილურდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ.
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში უკვე იმყოფებიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია”, – ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს ცნობაში.