შემოსავლების სამსახურში წარდგენილ დეკლარაციებში არსებულ მონაცემებსა და საპენსიო შენატანებს შორის შეუსაბამობები – ამ საკითხთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში, გაფართოებული შეხვედრა გაიმართა ბიზნესის წარმომადგენლებთან.
ინფორმაციისთვის, “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია, გადაამოწმოს დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზების გამოყენებით. შესაბამისად, დამსაქმებლებს, უკანასკნელ პერიოდში, საპენსიო სააგენტოსგან
დაეგზავნათ ელექტრონული შეტყობინებები, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ დეკლარაციებში არსებულ მონაცემებსა და საპენსიო შენატანებს შორის შეუსაბამობის შესახებ.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ ვრცლად ისაუბრა დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელიც ხელს შეუწყობს დამსაქმებლებს მარტივად მოახდინონ დეკლარაციებს კორექტირება.
„ივლისში საპენსიო სააგენტოს ვებ გვერდზე „ორგანიზაციის გვერდზე” ამოქმედდება სერვისი, რომლის მეშვეობითაც ყველა დამსაქმებელი მარტივად შეძლებს ინფორმაციის დაკორექტირებას და შეუსაბამობების დადგენას. ყოველი თვის ბოლოს მოხდება ინფორმაციის დაგზავნა პირად გვერდებზე და ორგანიზაციის ბუღალტრებისთვის ხელმისაწვდომი პროგრამის მეშვეობით იოლად მოხდება ხარვეზების გამოვლენა. სერვისი მისცემს მათ საშუალებას თავი აარიდონ ხარვეზებს და შემდგომ ჯარიმებს,”- განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.
შეხვედრაზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მიმოიხილავდნენ ზემოაღნიშნულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით ამჟამად არსებულ სიტუაციას, ასევე დეტალურად გააცნეს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების კუთხით დაგეგმილი ცვლილებები და სიახლეები. შეხვედრას 80-ზე მეტი დამსაქმებელი ესწრებოდა, დაისვა შეკითხვები და გაიმართა
დისკუსია.