მერვე დღეა, ოზურგეთი ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში, ყოველდღე იმართება უცხოური და ქართული თეატრალური დასების სპექტაკლების ჩვენება.
ფესტივალის მერვე დღეს „თავისუფალი თეატრის“ მიერ იყო წარმოდგენილი გიორგი მარგველაშვილი სპექტაკლი „სამანაშვილის დედინაცვალი“. სპექტაკლის დაწყებამდე მაყურებელს სიტყვის მიმართა „თავისუფალი თეატრის“ დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ავთო ვარსიმაშვილმა.
„ჩვენი თეატრის დასი ოზურგეთში პირველად 2006 წელს იმყოფებოდა, როდესაც ამ თეატრის შენობა გაპარტახებული იყო. მიუხედავად ამისა, დარბაზი სავსე იყო და ოზურგეთელი მაყურებლის ოვაციები დღემდე გვახსოვს. ახლა კი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო თეატრის შენობა გაქვთ და ეს ყველაზე მეტად სასიხარულოა. 2006 წელს ვითამაშეთ ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი _ „ძმები“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა ჩვენი თეატრის ნომერ პირველი მსახიობი ნიკო გომელაური. დღეს ნიკოს დაბადების დღე არის და სწორედ აქ წარმოდგენილი სპექტაკლი ეძღვნება მას. როდესაც ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვასიკო ჩოგოგიძემ დამირეკა და მიმიწვია, ვთხოვე 12 ივლისს გვეთამაშა ნიკოს დაბადების დღეზე და მისგან მივიღე თანხმობა”, _ თქვა ავთო ვარსიმაშვილმა.
სპექტაკლს ესწრებოდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი.
“ნოდარ დუმბაძის სახელობის წლევანდელი თეატრალური ფესტივალი უპრეცენდეტო მასშტაბის ფორმით დავგეგმეთ, რომ ოზურგეთის თეატრის სცენაზე უფრო მეტი უცხოური და ქართული დასის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები ენახა მაყურებელს. ყველა კმაყოფილია. წინ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი დღე და ბოლოს, რა თქმა უნდა, იქნება ფესტივალის დახურვა და დაჯილდოვება. მთელ საქართველოს და თეატრალურ საზოგადოებას ვულოცავ ამ შესანიშნავ ფესტივალს.“ _ თქვა თეა წულუკიანმა.
ავტორი