„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც 2 დღის წინ შოვის სტიქიის გადარჩენილ ადამიანების მონაყოლში ეჭვი შეიტანა, დღეს აცხადებს, რომ თავის განცხადებას ნანობს.
მმართველი პარტიის ლიდერმა ამის შესახებ დღეს, 16 აგვისტოს, რაჭაში ყოფნისას განაცხადა. როგორც კობახიძე ამბობს, ის პირადად შეხვდა შოვის სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს, რომელიც კობახიძის განცხადების გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა.
„ჯერ მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან და შემდეგ შევხვდი. პირველ რიგში მინდა ჩემი ადამიანური შთაბეჭდილება გაგიზიაროთ – დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც მას გადახდ. წარმოუდგენელი, საოცარი ისტორიაა. რეალურად მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსფრთხო ტერიტორიაზე. თავის თავს აჯობა ისეთი გზა აქვს თავის პატარა დიშვილთან ერთად გამოვლილი. წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მას დათო ჯელაძესთან კითხვები აღარ აქვს, რადგან მასთან შეხვედრისას სტქიისგან გადარჩენის ისტორია პირადად მოისმინა.
„რაც შეეხება შეკითხვებს, მინდა განვმარტო, რომ იყო ბრიფინგი და ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც პირველად ვნახე მაშინ. ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ მედიაში ყალბი ფოტოები და მე არც ვიცოდი ვის მიერ იყო ეს ფოტო დადებული და ზუსტად რა იყო ასახული, აქედან გამომდინარე კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. ამის შემდეგ გავერკვიე ყველაფერში, რომ ეს ფოტო დათო ჯელაძის მიერ იყო დადებული და დეტალურად მომიყვა მან მე ისტორია თუ რა გადახდა.
მე მინდა სინანული გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი. თუმცა ჩვენ გვქონდა შეხვედრა, მანაც განმარტა მისი ისტორია და მეც განვმარტე ყველაფერი. მთავარია, რომ ის ძალიან მძიმე ვითარებიდან გამოვიდა და გადარჩა მისი ოჯახი. ამაში არის მისი ძალიან დიდი დამსახურება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.