ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ორი „წყლის სამყარო“ და ისინი არ ჰგავს ჩვენს მზის სისტემაში არსებულ პლანეტებს.
პლანეტები თითქმის მთლიანად წყლისგან შედგება, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთ სამყაროებს დააკვირდნენ.
თავიდან მკვლევრებმა დაფიქსირებული პლანეტები უფრო სტანდარტულებად ჩათვალეს, მაგრამ ისინი ბევრად უფრო განსხვავებულები აღმოჩნდნენ, ვიდრე ამას წარმოიდგენდნენ.
„ადრე მიგვაჩნდა, რომ დედამიწაზე ოდნავ დიდი პლანეტები ლითონისა და კლდის დიდი ბურთებია. ამიტომ მათ სუპერდედამიწებს ვუწოდებდით. თუმცა, ჩვენ ახლა ვაჩვენეთ, რომ ეს ორი პლანეტა, Kepler-138c და d, ბუნებით საკმაოდ განსხვავებულია: მათი მოცულობის დიდი ნაწილი მთლიანად წყლისგან შედგება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით პლანეტებს, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელია, როგორც წყლის სამყაროები. ეს არის პლანეტის ტიპი, რომელზეც ასტრონომები დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, მაგრამ მათი იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა“, — თქვა ბიორნ ბენეკემ, ერთ-ერთმა მკვლევარმა.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერებს წყალი პირდაპირ არ აღმოუჩენიათ, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ პლანეტის ნახევარი უნდა შედგებოდეს კლდეზე მსუბუქი და წყალბადზე მძიმე რაღაცისგან — და აი ისიც, ამ მასალის ყველაზე სავარაუდო კანდიდატი წყალია!
ეს ორი პლანეტა Kepler-138-ის ორბიტაზეა, რომელიც 218 სინათლის წელიწადითაა ჩვენგან დაშორებული და მდებარეობს ლირას თანავარსკვლავედში. პლანეტების მოცულობა სამჯერ, ხოლო მასა ორჯერ აღემატება დედამიწისას. თუმცა, მათი სიმკვრივე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ჩვენი პლანეტისა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ეს წყლის სამყაროები არ ჰგავს კლასიკურ პლანეტას, რომელიც ერთი შეხედვით წარმოგვიდგება. შესწავლილი ორი პლანეტა არ არის ისეთივე ოკეანეებით დაფარული, როგორც ეს დედამიწაზე. სავარაუდოდ, პლანეტები იმდენად ცხელია, რომ წყალი მაშინვე ორთქლდება, რაც ქმნის სქელ და მკვრივ ატმოსფეროს, რომელშიც იმალება თხევადი წყალი.
ამასთან, პლანეტები სასიცოცხლო ზონის მიღმაა, რადგან ისინი ძალიან ცხელია თხევადი წყლისთვის და, სავარაუდოდ, არასახარბიელოა სიცოცხლისთვის. თუმცა, ახალმა კვლევამ ასევე აღმოაჩინა სისტემაში დამატებითი პლანეტა, რომელიც ცნობილია როგორც Kepler-138e, ის კი სასიცოცხლო ზონაშია.
ავტორი