გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უნდა გადადგეს იმ აღმაშფოთებელი კომენტარებისთვის, რომელიც მან ისრაელთან დაკავშირებით გააკეთა, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლიორ ჰაიატმა BBC-ს განუცხადა.
„მსხვერპლის გვერდში დგომის ნაცვლად, ის მსხვერპლს ადანაშაულებს იმ სისასტიკის გამო, რომლის მსგავსი ჰოლოკოსტის შემდეგ არ გვინახავს. იმის ნაცვლად, რომ გამოვიდეს გზავნილით : „აღარასდროს“, ის რეალურად ეუბნება ტერორისტებს: „თქვენ გაქვთ ამის უფლება, ჩვენ ვიღებთ თქვენს სასტიკ ტერორიზმს, რადგან ისრაელი დამნაშავეა“.
შეგახსენებთ, გუშინ, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ენტონიო გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. „პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება. მათ დაინახეს, რომ მათი მიწა ძალადობას განიცდის და მასზე დასახლებები ჩნდება; მათი ეკონომიკა დაიხრჩო; მათი ხალხი განიდევნა და მათი სახლები დაინგრა. მათი მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ მათი იმედები გაქრა”, – განაცხადა გუტერეშმა.