გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ხატია ჯიქურიძემ სააგენტოს საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ისაუბრა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და სააგენტოს მიერ სფეროს რეგულირებისა და კონტროლის კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე.
როგორც ხატია ჯიქურიძემ აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაზე გაიცა 51 ლიცენზია და გაუქმდა 19 ლიცენზია, ლიცენზიის მფლობელ 137 ობიექტს მიეცა ლიცენზიის ფარგლებში საქმიანობის გაფართოების უფლება, ლიცენზიის ფარგლებში გაიცა 53 ნებართვა მაიონებელი გამოსხივების წყაროების იმპორტზე, ექსპორტზე და შეძენაზე, ინსპექტირება განხორციელდა 93 ობიექტზე, აქედან არაგეგმური ინსპექტირება – 3 ობიექტზე.
მისი თქმით, გამოვლინდა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამობა 16 ორგანიზაციაში, რაზეც შედგენილია 27 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და განხორციელდა 11 რეაგირება.
„საქართველოს დელეგაცია დაესწრო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 67-ე გენერალურ კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა უმოკლეს ვადაში ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის, განხორციელებული რეფორმების და შედეგების მდგრადობის მნიშვნელობა”, – განაცხადა ხატია ჯიქურიძემ.