იტალიურ „ნაპოლიში“ რუდი გარსიას ეპოქა დასრულებულია. მის გათავისუფლებას ოფიციალური ბეჭედი კი აკლია, მაგრამ თავად მწვრთნელმაც იცის რომ ნეაპოლურ კლუბში მისი მოღვაწეობა საფინიშო ხაზზე გავიდა.
„ემპოლისთან“ მატჩის შემდეგ რუდი გარსია პრესკონფერენციაზე არ გამოჩენილა, ნეაპოლელმა პაპარაცებმა კი საფრანგეთისაკენ მიმავალ თვითმფრინავში დააფიქსირეს.
გამოცემა „Corriere dello Sport“-ის მტკიცებით, ფრანგმა მწვრთნელმა საკუთარ თავს განაჩენი მაშინ გამოუტანა, როდესაც „სერია A“-ს ბოლო ტურში გუნდის ქართველი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
“გასული მატჩის წინ კვარაცხელიას თადარიგში ხილვა, ალბათ, რუდი გარსიას საკამათო გადაწყვეტილებების გვირგვინი გახლდათ. ფრანგმა მოახერხა და მისთვისვე გადამწყვეტი მატჩის წინ საკუთარ თავს უმტრო. რას შევადაროთ? გრიპი რომ გქონდეთ და თოვლიან ამინდში გარეთ პალტოს გარეშე გახვიდეთ. სწორედ ასეთი საქციელი იყო რევოლუციური მოდელის არჩევა, რაც კვარაცხელიას მოედნის მიღმა დატოვებას ითვალისწინებდა.
შედეგად, გამოვიდა, რომ „ნაპოლი“ თამაშზე ყველაზე მრავალმხრივი, შეუჩერებელი და მომაკვდინებელი შემტევის გარეშე გავიდა. რუდის უცნაური ნაბიჯები ადრეც გადაუდგამს და შემდეგ უთქვამს, რომ პერსონალიების გამო, გეგმიდან გადახვევა არასწორად მიაჩნია. ახლაც, ხვიჩას უთამაშებლობა დასვენების აუცილებლობით ახსნა, თუმცა, ის შემთხვევა მივიღეთ, როდესაც ამგვარი თავდაჯერებულობა დამღუპველი გამოდგა.
ისე გამოვიდა, რომ რუდი გარსიამ ხუთ თვეში დაანგრია ყველაფერი, რასაც ლუჩანო სპალეტი ორი წლის განმავლობაში აშენებდა. შესაბამისად, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც დე ლაურენტისი საჩემპიონო სეზონის შემდეგ მიიღებს, სწორედ ფრანგი მწვრთნელის გათავისუფლება იქნება. გარსიას უკვე აცნობეს, რომ შეუძლია ოთხშაბათს დაგეგმილ ვარჯიშზე აღარ გამოჩნდეს. დე ლაურენტისი, რომელიც ფრანგის დანიშვნამდე ოცდაათამდე მწვრთნელს ესაუბრა, შესაბამის ბაზარზე კიდევ ერთხელ გადის“.
ნეაპოლური ვებგვერდი „Spazionapoli“ კი წერს, რომ რუდი გარსიას მომავალზე სხვა ყველაფერთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას სამმა შეცდომამ იქონია გადამწყვეტი გავლენა.
„მილანის“, „უნიონისა“ და „ემპოლის“ წინააღმდეგ მატჩების მიწურულს ქართველი ფეხბურთელების გამოუყენებელმა მომენტებმა შედეგებზე მოახდინა გავლენა, რამაც გარსია „დააზიანა“.
ქართველმა „მილანთან“ ბოლო წამზე ვერ გაიტანა და მეკარემ აჯობა. ასევე, რეალური შანსი ჰქონდა „უნიონთან“ და ისევ მეკარემ აჯობა, ხოლო „ემპოლის“ წინააღმდეგ ეტრიტ ბერიშამ მოიგერია მისი დარტყმა ახლო მანძილიდან და ერთ წუთში სტუმრებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.
ხსენებულ სამ მომენტში ქართველ ფეხბურთელს შეტევა გოლით რომ დაესრულებინა, „ნაპოლი“ სამივე მატჩს დიდი ალბათობით მოიგებდა, შესაბამისად, რუდი გარსიას გათავისუფლება, რაც ახლა უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია, დღის წესრიგში ამ ეტაპზე ნამდვილად იქნებოდა.
იტალიის მოქმედი ჩემპიონი რამდენიმე დღე დაისვენებს, ვარჯიში კი ოთხშაბათიდან არასრული შემადგენლობით განახლდება, რადგან ფეხბურთელთა ნაწილი ეროვნულ ნაკრებებში
აურელიო დე ლაურენტისმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო: ოთხშაბათიდან „ნაპოლის“ ვარჯიშებს რუდი გარსია არ უხელმძღვანელებს, შესაბამისად, მას გაათავისუფლებს.
დე ლაურენტისი „ემპოლისთან“ პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში შევიდა, სადაც გუნდს ესაუბრა, მაგრამ ფრანგი მწვრთნელისთვის არაფერი უთქვამს, მასთან დიალოგში არ შევიდა. მატჩის მერეც დე ლაურენტისი ფრანგ მწვრთნელს საერთოდ არ შეხვდა, სამაგიეროდ, გუნდის მენეჯერები რომში შეხვედრაზე დაიბარა. ცხადია, ახალი მწვრთნელის საკითხზე სასაუბროდ. ასე რომ, გარსიას ნეაპოლური კარიერა პრაქტიკულად დასრულებულია, თუ დე ლაურენტისმა არ გადაიფიქრა.
გარსიას მემკვიდრეთა შორის ისევ დასახელდა ანტონიო კონტე, რომელმაც ერთი თვის წინ იუარა „ნაპოლის“ მწვრთნელობა. სიაში არიან ფაბიო კანავარო, იგორ ტუდორი და ვალტერ მაძარი.
გამოცემა „Canale 21“-ის მტკიცებით, მაძარი დე ლაურენტისს შეჰპირდა, რომ თუ არჩევანს მასზე მეორედაც გააკეთებს, “ნაპოლის” ჩემპიონობას მოუტანს, სანაცვლოდ კი მხოლოდ 6-თვიან კონტრაქტს ითხოვს. ხოლო თუ გუნდს სკუდეტოს მოაგებინებს ან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანს, 1-წლიან ხელშეკრულებას მოითხოვს.
მაძარი “ნაპოლის” 2009/13 წლებში წვრთნიდა.
ავტორი