ცოტა ხნის წინ, იტალიელმა სწავლულებმა კიეტის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევებით დაადგინეს, რომ ადამიანები უკეთ აღიქვამენ და ამუშავებენ იმ ინფორმაციას, რომელსაც მარჯვენა ყურით მოისმენენ.
ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ მარჯვენა ყურს უკეთ ესმის ლაპარაკი, ადრეც იყო წამოყენებული. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ვერბალური ინფორმაცია თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს მიერ მუშავდება. მკვლევრებმა გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ ეს ჰიპოთეზა რეალურ ცხოვრებაში. კვლევები მიმდინარეობდა სამ ეტაპად:
პირველ სტადიაში სწავლულები აკვირდებოდნენ 176 ადამიანის ქმედებას იმ მომენტში, როდესაც ისინი ცდილობდნენ, თანამოსაუბრისთვის ხმამაღალი მუსიკის ფონზე მოესმინათ. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მსმენელთა 72 პროცენტი მოსაუბრისკენ მარჯვენა ყურით ბრუნდებოდა.
მეორე ეტაპზე თვით მკვლევრები მიდიოდნენ კლუბის სტუმრებთან და დაბალ ხმაზე ამბობდნენ უაზრო ფრაზებს და აკვირდებოდნენ, რომელი მხრით მობრუნდებოდა მათკენ მსმენელი. 160 მონაწილიდან 58 პროცენტი ექსპერიმენტატორისკენ მარჯვენა ყურით ბრუნდებოდა, 42 პროცენტი – მარცხენათი.
მესამე ეტაპზე სწავლულები ადამიანებს სიგარეტს სთხოვდნენ, მაგრამ მათ ხან მარცხენა ყურთან მიმართავდნენ, ხან – მარჯვენასთან. შედეგად, მათ მნიშვნელოვნად მეტი სიგარეტი მიიღეს, როდესაც ადამიანები მარჯვენა ყურით ისმენდნენ თხოვნას.
კვლევების ხელმძღვანელები, ლუკა ტომასი და დანიელე მარცოლი, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ უპირატესობანი, რომლებიც დაკავშირებულია ტვინის ფუნქციონალურ ასიმეტრიასთან, ყოველდღიურ ურთიერთობებში გამოვლინდება და სულ მცირე დაკვირვებითაც შეიმჩნევა.
ავტორი