ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში, სოფლის ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს, სადაც ორ კილომეტრამდე მანძილზე ახალი ასფალტი უნდა დაგებულიყო, ადგილობრივები ამბობენ, რომ აბსოლუტურად უხარისხო მასალა მოიტანეს.
_ეს ზაზა სიამაშვილის სახელობის ქუჩაა, ისე ბაღისუბანიც ჰქვია. დიდი ხანი არაა, რაც ასფალტის დაგება დაიწყეს და რა ნახა თვალმა? მოიტანეს უხარისხო და უვარგისი. იფშვნება. რაფერაა იცი, ჩემო ბიძია? სუნელმიკლებული სადილივითაა ეს გზა. ვარგა რამედ? ისეა ესეც. მოუწევთ ამის აყრა და თავიდან დაგება, _ გვეუბნება ამ უბანში მცხოვრები ამირან გორდელაძე.
როგორც აქ გვითხრეს, უბანში 70-მდე ოჯახი ცხოვრობს. ორ კილომეტრადე გზას კიდევ სხვა უბნების მოასფალტებაც დაემატა და ჯამში სამ კილომეტრადე მანძილზე იქნება დასაგები.
_ჯერ არ დაუგიათ და დაკერება დაიწყეს? გინახავთ ასეთი? უხარისხო ასფალტია თუ მტვერი, ვერ მიხვდები, ამოიყარა. გაიხედეთ, გორებად ყრია, _ გვითხრეს აქ.
ადგილობრივებმა გვითხრს ისიც, რომ აქ მოსული იყვნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და სხვა ოფიციალური პირები. გზის რეაბილიტაციაზე მომუშაავეებს მკაცრი გაფრთხილება მისცეს.
_ არ ვიცით რა იქნება, მაგრამ ასეთ ასფალტს აქ არ დავაგებინებთ. ამნაირი იყო, ნასაკირალის გადასასვლელზე რომ ამბავი ატყდა და თავიდან ააფხეკინეს. ასე ვიზამთ ჩვენც! მალე არჩევნები იქნება და გვეტყვიან, გზა დაგიგეთო. დაგვიგონ ისეთი, სათქმელი რომ იქნება და კი , ბატონო. იმედი გაგვიჩნდა, რომ გამოასწორებენ საქმეს, – გვითხრეს ადგილობრივებმა.
ვრცლად ამ გზის მშენებლობის შესახებ, მალე გიამბობთ.
ავტორი