„პირობას გაძლევთ, რომ კომპრომისი არ იქნება არც ერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, კომპრომისი გაწიოს ჯარისკაცების ხარჯზე. ეს არ იქნება არავითარ შემთხვევაში, არც კვებით ნაწილში, არც სხვა უზრუნველყოფის ნაწილში კომპრომისი ნამდვილად არ იქნება”,_ აღნიშნული განცხადება თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯარი, ჩვენი თავდაცვის ძალები არის განსაკუთრებული ნაწილი ჩვენი საზოგადოების.
მინისტრის თქმითვე, ხშირად რეპორტაჟებში თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით მანიპულაცია და დეზინფორმაციაა.
“სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, რეპორტაჟებში იყო ვარაუდები, მინიშნებები, მანიპულაციები, დეზინფორმაციაც კი, ზოგჯერ. ეს ნამდვილად არის არასწორი, მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ეხება თავდაცვის სფეროს და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი არათუ ინტერესის სფერო, ჩემი ვალდებულება იქნება, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენო ყველა ის რესურსი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. აქვე გავუსვამ ხაზს და გეტყვით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა თავდაცვის სფეროში დანახარჯებთან დაკავშირებით, არის მნიშვნელოვანი განაცხადი, თუ რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს ხელისუფლებას თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით, ჩვენს გენერლებთან, ოფიცრებთან, კაპრალებთან, რიგითებთან და აბსოლუტურად ყველასთან და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ და მაქსიმალური ეფექტიანობით მოვახმართ ჩვენს თავდაცვის ძალებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.